ჩვენ ამ ბრძოლას არ გავაჩერებთ, არაფრის ფასად არ გავაჩერებთ. რა წინაღობაც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. თბილისი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ და ჩვენ ვიბრძვით ამ ქალაქის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კუპრაძემ საზოგადოებას საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად მთაწმინდის ოლქიდან “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრი, ლანა გალდავა წარუდგინა.
“უსამართლობის განცდა არის გამეფებული ჩვენს გარშემო და ამ უსამართლობის განცდას სჭირდება ძლიერი წინააღმდეგობა, რომელსაც ქმნის ეს გუნდი. ჩვენ ვართ ბრძოლაში, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, რომელიც ხვალ აპირებს, რომ გამოაცხადოს სინდისის პატიმრების განაჩენები, მათ შორის, ჩვენი ორი ძვირფასი მეგობრის – ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის შესახებ გადაწყვეტილება.
ჩვენ ამ ბრძოლას არ გავაჩერებთ, არაფრის ფასად არ გავაჩერებთ. აგვკრძალავენ? აგვკრძალონ ბატონო, რა წინაღობაც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. თბილისი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ და ჩვენ ვიბრძვით ამ ქალაქის დასაბრუნებლად, თქვენთვის დასაბრუნებლად და წარმოგიდგენთ თბილისის ნომერ პირველ ოლქში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამართლის მეცნიერებათა დოქტორს, საერთაშორისო სამართლის მაგისტრს, საჯარო სამსახურში, საგანმანათლებლო საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანს, ორი შვილის დედას, მთაწმინდელს, ლანა გალდავას”, – მიმართა კუპრაძემ მოსახლეობას.
