ირაკლი კუპრაძე – გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ბიძინას მთავრობა ანაკლიისთვის ჩინურ ინვესტიციასაც ვერ მოიზიდავს და საპენსიო ფონდის ფულს დახარჯავს, რაც ვერც პორტს ააშენებს, ვერც ტვირთებს მოიზიდავს და ეს ფულიც გაიფლანგება

გონივრულია ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში ბიძინას მთავრობა ანაკლიისთვის ჩინურ ინვესტიციასაც ვერ მოიზიდავს და რეალურად, ეფექტის შესაქმნელად სწორედ საპენსიო ფონდის ფულს დახარჯავს, რაც ვერც პორტს ააშენებს, ვერც ტვირთებს მოიზიდავს და ეს ფულიც გაიფლანგება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს.
„ლელო – საქართველოსთვის” „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა არ ჩამოშალოს.
„რუსული კანონისა“ და ოფშორების კანონის მიღების შემდეგ, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკას ზიანი უკვე მიაყენა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა საპენსიო სააგენტო ს საფულედ გადააქციოს და მოქალაქეების მიერ დანაზოგ 5 მილიარდ ლარს საფრთხე შეუქმნას.
ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რისკის ქვეშ დგება შეძლებენ თუ არა საპენსიო დანაზოგის მიღებას ის ადამიანები, ვინც წლებია პატიოსნად იხდიან შესაბამის შენატანს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებით, საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს და ფონდს მხოლოდ ერთი საბჭო ეყოლება. საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს, რომელშიც 7 წევრიდან 3 მინისტრი, 3 პარლამენტარი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი წევრი იქნება. ამ კომისიის მიერ შერჩეულ საბჭოს წევრებს, ვერანაირად ვერ ექნებათ საზოგადოებრივი ნდობა და როგორც ყოველთვის, ამ საბჭოსაც, „ქართული ოცნება“ პარტიული კადრებით დააკომპლექტებს.
კანონის მიღებით საპენსიო სააგენტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას და ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც დიდ ხანია „ქართული ოცნების“ პარტიულ უწყებად იქცა. ამ კანონის მიღებით სააგენტო ფაქტობრივად ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ ექცევა.
საგანგაშოა ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, თუკი საბჭო საჭიროდ ჩათვლის, საპენსიო დანაზოგების დაბალრისკიანი პორტფელის 20% ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეიძლება განკარგოს. ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული!
2022 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ მშენებლობის ერთ-ერთ შიდა წყაროდ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები განიხილება და რომ ეს დათვლილიც იყო.
ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ შემდგომი 2 წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარი დახარჯოს. ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია, რუსული კანონის მიღების შემდეგ კი, ქვეყანა დასავლური ინსტიტუტებისგან იზოლაციაშია.
სწორედ ამიტომ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს. გონივრულია ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში ბიძინას მთავრობა ანაკლიისთვის ჩინურ ინვესტიციასაც ვერ მოიზიდავს და რეალურად, ეფექტის შესაქმნელად სწორედ საპენსიო ფონდის ფულს დახარჯავს, რაც ვერც პორტს ააშენებს, ვერც ტვირთებს მოიზიდავს და ეს ფულიც გაიფლანგება.
საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან როგორი ხარისხით და რა ვადებში აშენებენ ჩინური კომპანიები ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოსა და მსოფლიოში. ჩნდება საფრთხე, რომ ანაკლიის სანაპიროზე პროპაგანდისთვის მიყვანილ ტრაქტორებთან ერთად, ჩვენს საპენსიო დანაზოგებსაც შავი ზღვის წყალი წაიღებს.
„ლელო – საქართველოსთვის” მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, არ მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და არ ჩამოშალოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ