ირაკლი კობახიძე – EBRD-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება – გვაქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვყავს ძლიერი ინსტიტუტები

წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წელსაც გვაქვს მაღალი, 8 % -იანი ეკონომიკური ზრდა, საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვყავს ძლიერი ინსტიტუტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა – 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შესაძლებელია საუბარი საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში.
„ამ შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…