2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, 2024 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა მიაღწია 9 140 დოლარს, ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ოთხი წლის ამ მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი პირველ ადგილზეა.
„პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2024 წელს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და წლის ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად, ჩვენი ეკონომიკა გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა, ანუ ჩვენ დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება მომავალშიც. ასევე, წლის ბოლოსთვის, პირველად, ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმად, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის.
„რა ტენდენციაც გვქონდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაშიც, 2030 წლის ჩათვლით, ანალოგიური ტემპი გვექნება შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5,2%, რაც წარმოადგინა სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
მისივე თქმით, ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, – განაცხადა პრემიერმა.
