ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას ეხებოდა, რომელის თანხმად, „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება“
კობახიძის თქმით, ბრიტანელმა ჩინოვნიკმა ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე უნდა იზრუნოს.
„ეს არის დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადება. როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხაროა. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედია პლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სტეიტის“ გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
