ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი , მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ს ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში საჭირო იქნება 486 მილიარდი დოლარი. ყველაზე დიდი წილი განადგურებულ საცხოვრებელ ფონდზე მოდის.
URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.
მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ირაკლი ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში მწვავე პოლიტიკური განცხადებები ხშირია. ბოლო ასეთი სიმწვავის ფონია საქართველოში მიღებული “აგენტების კანონი”. რომლის მიზნებს შორისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის “უკრაინიზაციისგან” დაცვა დაასახელა. რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პახუსი მოჰყვა “ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს -საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“, – ეწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
“აგენტების კანონის” კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას იღებს ევროკავშირისგან და კერძოდ გერმანიისგანაც, ითქვა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებს. ევროკავშირი, წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მიმართ საპასუხო ზომების მიღებაზე მუშაობს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ