გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი” ვერ შედგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და „ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი“.
„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად. გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და საქართველოს უკრაინიზაციისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის” სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, – განაცხადა პრემიერმა.