ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, წარმატებით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის.
„წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება. მისივე თქმით, სამთავრობო გუნდში 7 ახალი მინისტრია და არაერთი ცვლილება განხორციელდა „რათა მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი“.
„მთავრობის შემადგენლობა სანახევროდ განახლდა, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, რომლებიც მიმდინარე წლიდან იკავებენ მინისტრების თანამდებობებს და მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის, სწორედ, საკადრო ცვლილებების შედეგად. არაერთი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მთავრობის უკლებლივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე, რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავადვე ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.




