ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ

ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას მედიაში გავრცელებულ თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო წერილთან დაკავშირებით, სადაც რიჟვაძე წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“.
პრემიერის განცხადებით, უამრავი ტყუილი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ვრცელდება კონკრეტული მედიების მხრიდან, ამიტომ არავის უნდა უკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას, თუმცა პრემიერმა დასძინა, რომ მას არ უთქვამს, რომ რიჟვაძემ მედიები იგულისხმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა, დანარჩენი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“. ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული, სტრესულია პოლიტკოსის ცხოვრება, მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, რომ დათესოს სიძულვილი ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია და ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილის მუდმივი დათესვა ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა უკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება [რიჟვაძის წერილში], მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, – განაცხადა მ.
კითხვაზე, დაინტერესდით ზეწოლას ვინ ახდენდა თორნიკე რიჟვაძეზე?, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა მარტო მე, არამედ პირველ რიგში დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით და ბუნებრივია, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შესაბამისად იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს“.
შეგახსენებთ, 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილ იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიების თანახმად, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.