რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.
„არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც, ვფიქრობთ, უნდა დასრულდეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას გაიზიარებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან პარტიულ თანამდებობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან შალვა პაპუაშვილი იქნება.
„მინდა მოგახსენოთ, რომ გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, მიღებულ იქნა საკადრო გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, მდივნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, გენერალური მდივანი არის ბატონი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი არის ბატონი მამუკა მდინარაძე, ბატონი დიმიტრი სამხარაძე არის რეგიონული მდივანი. ისინი კვლავაც დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს, როგორც ამას წესდება ითვალისწინებს. შედგა წესდება და ხელახლა მიღებულ იქნა იგივე გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მდივანს, როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი პარტიის პოლიტიკური მდივანი ყრილობის ჩატარებამდე. პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან იქნება ბატონი შალვა პაპუაშვილი და პარტიის აჭარის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“, – განაცხადა კობახიძემ.
