ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე – შუბლის ძარღვი არ აქვს ამ კაცს, წააგო არბიტრაჟი, საკუთარი სიმართლე ვერსად დაამტკიცა – ხაზარაძეს, წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის!

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია.
„იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე მოხდა გადავადება, თუმცა, ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ, გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი, შევცვალეთ იმისთვის, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაადგინა არბიტრაჟმა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ დოლარს სცილდებოდა.
2024 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ამასთან, კობახიძე ფიქრობს, რომ ხაზარაძეს “ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის”.
“მე მგონია, რომ ხაზარაძეს, წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ტყუილს ამტკიცებდა, ტყუილს ავრცელებდა და საბოლოო ჯამში, ეს დაადგინა არბიტრაჟმა. ამ ტყუილის გავრცელებით გარკვეული ზიანი მაინც ხომ მიადგა ჩვენს სახელმწიფოს? წესით, ხაზარაძეს ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სასამართლო გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც მას დაეკისრა“, -განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ხაზარაძე „ამის მიუხედავად მაინც სახელმწიფოს ბრალეულობაზე საუბრობს“.
„შუბლის ძარღვი არ აქვს ამ კაცს. კაცმა წააგო არბიტრაჟი, საკუთარი სიმართლე ვერსად დაამტკიცა. თან, თვითონ მიმართა არბიტრაჟს და არბიტრაჟმა გაამტყუნა ხაზარაძე. ასეთ დროს კიდევ რაღაცებზე რომ საუბრობს, ეს ნიშნავს გამტყუნებას. მოსარჩელე იყო ხაზარაძე, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ ის დააზიანა და არბიტრაჟმა თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძე სამარცხვინოდ დამარცხდა ამ საქმეში, “ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ