დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მეშვიდე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
შეხვედრაში, რომელშიც, უკრაინის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და საქართველო, ასევე ნატოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სამიტის დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ფორმატს გამოიყენებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისაუბროს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე პარტნიორებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება… EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით… თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, — განაცხადა კობახიძემ.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.
„საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკურად სტაბილურია, ეკონომიკა უბრალოდ მიფრინავს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებული. ამიტომ, ვფიქრობ, ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. აქ ეკონომიკა არ მუშაობს, სტაგნაციაშია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ქვეყნების გაწევრიანება, როგორიც საქართველოა“, — განაცხადა ორბანმა.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ექცევა ბრიუსელი საქართველოს, ორბანმა უპასუხა, რომ ბრიუსელი სამართლიანობის შტაბ-ბინა ნამდვილად არ არის.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა ალენ ბერსემ ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ექნება ირაკლი კობახიძესთან.
„როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, — არა დამკვირვებლებმა, არამედ წევრებმა — აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ასევე საქართველომ და მთლიანად სამხრეთ კავკასიამ, უნდა აიღონ ვალდებულება, დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უნდა მიიღონ და აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.ამის მისაღწევად ერთადერთი გზა არის კავშირების არასოდეს გაწყვეტა, ყველა საკითხის განხილვა და პროგრესისკენ ერთად სწრაფვა. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ეს არის მაღალი ვალდებულება და ჩვენც გვაქვს მაღალი მოლოდინი. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების შესრულებას, მუდმივ კონტაქტს და მუდმივ თანამშრომლობას“, — განაცხადა ბერსემ.
საქართველო, რომელთანაც ევროკავშირს პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე აქვს შემცირებული, ტრადიციულად მონაწილეობს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შექმნილ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტებში.
შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას.
„EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
დანია ამბობს, რომ ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა.
„შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
