გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ – ამის მიღმა საუბარი არ გვქონია, დანარჩენი არ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დანიაში ვიზიტისას, ესაუბრა თუ არა გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გერმანიის კანცლერთან საუბრის ინიციატივა და მან ხომ არ თქვა უარი, კობახიძე პასუხობს: „ამაზე თქვენ იმარჩიელეთ. ეს არის ჩემი მოწოდება“.
„გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ. სხვა არაფერი. ასე მოხდა. მე ხომ ფაქტი არ დამიმალავს. ფაქტი იყო ის, რომ შემოვფარგლეთ კარგი მისალმებით. ამის მიღმა საუბარი არ გვქონია. დანარჩენი არ არის საინტერესო,“ – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ფრიდრიხ მერცთან საუბრის გამართვას ხელი შეუშალა თუ არა გერმანიის ელჩის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებმა, კობახიძე პასუხობს, რომ „არა“.
„არაფერს არ შეუშლია ხელი. ზოგადად, რაც გერმანიის ელჩის გარშემო ხდება, არის ტრაგიკული. მისი პოზიცია არის ტრაგიკული. კაცი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს. ეს არაფერ შუაში არ არის ბატონ მერცთან საუბრის თემასთან,“ – განაცხადა კობახიძემ.
