ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა – შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ექნება ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი ვიზიტი. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, შევთანხმდით რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი განსაკუთრებულია. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურთ.
„შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული იყო. ჩვენ ვესაუბრეთ გენერალურ მდივანს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განვუმარტეთ გადაწყვეტილების მიზეზები. რაც შეეხება რეაქციას, ამაზე მან თავად უნდა ისაუბროს თუ ექნება ამის სურვილი“, – აღნიშნა პრემიერმა.
