ვინ გვადანაშაულებს?! უელჩო საელჩოზე გაქვთ საუბარი? ცალ ფეხზე მოხტუნავე ბურჯანაძე რომ „სტაფერია“? „ქარდებით“ რომ გვესაუბრება ეგ საელჩო?- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას, „როგორ აპირებს მმართველი ძალა აშშ-ისთან ურთიერთობის გადატვირთვას იმ პირობებში, როდესაც ამერიკის საელჩო საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს უპასუხისმგებლო ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, სახელმწიფო დეპარტამენტში კი აღნიშნული განცხადებებისა და ინფორმაციის გამო ელჩს თამარ ტალიაშვილს იბარებენ“.
ირაკლი კირცხალიამ აშშ-ში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ტალიაშვილი ბევრ შეხვედრას მართავს როგორც საკუთარი, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევით.
„რადიო თავისუფლების“ წყარო ძალიან ცდება, ვინ გვადანაშაულებს?! უელჩო საელჩოზე გაქვთ საუბარი? ცალ ფეხზე მოხტუნავე ბურჯანაძე რომ სტაფერია ? „ქარდებით“ რომ გვესაუბრება, ის საელჩო? სრული სიცრუეა. თამარ ტალიაშვილი აორგანიზებს ძალიან ბევრ შეხვედრას, ზოგს თავისი მოწვევით, ზოგს სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევით. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და ძალიან პრაგმატული და ობიექტური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას ურთიერთობა გადავა თვისობრივად ახალ ეტაპზე.
დარწმუნებული იყავით, რომ თითოეული შეხვედრაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მაქსიმალურად არის ხაზგასმული და გატარებული ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები“, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. მათივე ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.
„რადიო თავისუფლებამ“ ასევე გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერის წერილი შემდეგი შინაარსით: „ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“.
