არა თუ არ გამოხმაურებიან და არ გაუკეთებიათ განცხადება, მეტიც, ჩვენ წინა დღეებში კარგად ვხედავდით მათ შეკრებებს, პირდაპირ მოწოდებებს, არა მხოლოდ დიპლომატიური კორპუსიდან, არამედ კარგად გვახსოვს პრესსპიკერები უმაღლესი ინსტიტუციებიდან ევროკავშირის, მათი პირდაპირი, თუ ირიბი მოწოდებები, რომ წინასწარ დაგეგმილ და დაანონსებულ დამხობის სცენარში თურმე როგორი დიდი პატრიოტიზმია, რომ მიიღო მონაწილეობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რიგი დიპლომატიური წარმომადგენლები ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რაც ბრიუსელიდან მოდის.
„არაერთხელ გვითქვამს და განვმეორდები, ხშირად დუმილი და განცხადების არ გაკეთება, განცხადებაზე ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენ ეს არ გვიკვირს. სწორედ ეს არის დღევანდელი ბრიფინგის შეჯამებაც. ისინი ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელი პოლიტიკის გენერალური ხაზიც დღეს არის ბრიუსელში, სამწუხაროდ და ტყუილად არ ვახსენეთ აშშ. კარგად ვიცით USAID-ის სკანდალი, ჯერჯერობით ვისმენთ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს და ვხედავთ ქმედებებსაც აშშ-დან „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ ამის პარალელურად აშშ-ში ვხედავთ როგორ მძვინვარებს და სააშკარაოზე გამოვიდა რეალურად ის ფესვები, რომელიც თურმე ბრიუსელში ყოფილა გადგმული „დიფ სთეითის“, ანუ იგივე „არაფორმალური მმართველობის“ ფესვები. ასე რომ არა თუ გამოხმაურება, არამედ პირდაპირ და ირიბ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
რაც შეეხება საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის სურვილია, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მათი მხრიდან ობიექტური შეფასებები.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. ეს არის საინფორმაციო შეხვედრა, როგორც მე ვარ ინფორმირებული. რა თქმა უნდა, მიაწვდიან ყველა იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც განვითარდა, რომელიც ვითარდებოდა ამ აქციამდე, რომელიც ვითარდება აქციების შემდეგ. გვინდა, რომ ველოდოთ ძალიან ობიექტურ შეფასებებს. რომ გითხრათ, რომ დიდად მოლოდინი მაქვს, რომ ობიექტურ განცხადებებს გააკეთებს მაგალითად ელჩი, რომელიც პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივად არის ქცეული, გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ იმედს ვიტოვებ. კარგად იცით ჩვენი სულისკვეთება. საზოგადოებამ კარგად იცის თუ რისთვის ვართ ჩვენ მზად. რეალურად მზად ვართ, ყველაფრის მიუხედავად, რაც ჩვენ მოვისმინეთ მათი მხრიდან წლების განმავლობაში და განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, მიუხედავად ამისა, თუ ისინი გააცნობიერებენ და შეიგნებენ, რაც იციან, საქმე აქვთ, მეგობრობა და ურთიერთობა უნდათ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან და საქმე აქვთ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალი ურთიერთობების ეტაპზე გადავიდეთ. თუ ბატონი ჰერჩინსკი ქალბატონი კალასისა და მათი პრესსპიკერის მოწოდებების პათოსში რჩება, ეს მეტყველებს იმავეზე, რაც ვისაუბრე ბრიფინგის ფარგლებში. უნდა მოხდეს ძალიან ობიექტური შეფასება. ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს დუმილი ან განცხადების არ გაკეთება იმაზე, როცა პირდაპირ ეთერში, საათების განმავლობაში, ხედავთ გადატრიალების მცდელობას, პოლიციელის დაწვას, ადმინისტრაციული შენობების დაწვას, პირდაპირ დესტრუქციას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას. არ მოსწონს ჩვენს საზოგადოებას, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ე.წ. მოლოტოვის მსროლელი გმირია. არ მოსწონს ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი მიდის სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა კირცხალიამ.
