ფაქტობრივად, მეზობელი არ დაგვრჩა, რომელიც ცეცხლის ალში არაა გახვეული. საქართველოს პარლამენტში კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ინტენსიური და როგორ განვავითაროთ ჩვენი სოფლები თუ ქალაქები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მმართველი პარტიის სწორი პოლიტიკის დამსახურება.
„მინდა ჩვენს მოქალაქეებს, მოსახლეობას ვუთხრა: დღეს თქვენ საქართველოს პარლამენტში ისმენთ კონკრეტულად ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია როგორ უნდა მოხდეს. აქ მადლობებს ვუხდით ცალკეულ სამინისტროებს. ხოლო ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, იქაურ მცხოვრებლებს სულ სხვა პრობლემა აქვთ, როგორ გადარჩნენ. ომია და ცეცხლი ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში. ფაქტობრივად, მეზობელი არ დაგვრჩა, რომელიც ცეცხლის ალში არაა გახვეული. დღეს ჩვენ საქართველოში, საქართველოს პარლამენტში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ინტენსიური და როგორ განვავითაროთ ჩვენი სოფლები თუ ქალაქები. ეს არის იმ სწორი, პრაგმატული პოლიტიკის დამსახურება და ამას აფასებენ როგორც წალენჯიხაში, ისე მთელს საქართველოში. დიახ, ჩვენ ომს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ მშვიდობა. ჩვენ რადიკალიზმს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ იმ დაქსაქსულობას, იმ გაურკვეველ პროპაგანდებს უარი ვუთხარით და მართლმადიდებლობას, ქართულ საქმეს ვემსახურებით. ამიტომ ვართ უკონკურენტო ჩვენი მოსახლეობისთვის და ამას საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ადგილობრივ არჩევნებში“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
