შანსი – ნულია, მცდელობა – დიდი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი აქვს ყველას როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კითხვას, მოსალოდნელია თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნებზე უცხოური ჩარევა.
მისი თქმით, ყველას ექნება მცდელობა, ჩარევა განახორციელოს და საქართველოში „თავისი აგენტურა“ დასვას, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამის შანსი არ არსებობს.
„ყველას აქვს ლამაზი და უდიდესი ცივილიზაციის ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ ინტერესი, იმიტომ, რომ გზაჯვარედინზეა ევროპასა და აზიას შორის. ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს იმას, რომ ჩვენი აბრეშუმის გზა აღვადგინოთ და საქართველომ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპისთვის – ბაქოდან სადენი რომ გავიყვანოთ, იმიტომ, რომ ამით დამოუკიდებლობას იძენს ქვეყანა და შესაბამისად, ყველას ექნება მცდელობა, რომ მონაწილეობა მიიღოს და აქ თავისი აგენტურა დასვას, მაგრამ შანსი ნულია იმიტომ, რომ როგორც არასდროს, ისე ვართ ერიც და ბერიც გაერთიანებული. გამორიცხულია – მეორე ფრონტს საქართველო არ გახსნის, გამორიცხულია – ომში არ ჩაერთვება საქართველო, გამორიცხულია ლგბტ პროპაგანდა, რაზეც ევროსაბჭოს წარმომადგენელი თითს გვიქნევს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და უკან გაიწვიეთო. გავიტანთ ბოლომდე იმ კანონსაც და კონსტიტუციაშიც ავსახავთ, რომ ეკლესიაც და რელიგიაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი ოჯახის ღირებულებები არის დასაცავი და ამას დავიცავთ. ამიტომ, მთელი საქართველო ერთიანდება ომსა და მშვიდობას შორის, გაუკუღმართებასა და სტაბილურ განვითარებას შორის, მწვალებელთა პარტიასა და განვითარებას შორის და ჩვენ ამ ომს მოვიგებთ“, – განაცხადა ზარქუამ.