სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა დასრულდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრისას, ძირითადი მსჯელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ეხებოდა.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ 19 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე, გაზიარებულ იქნა გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლის და 6 თვის ვადით, დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები კი ელოდებიან ე.წ. სასამართლოს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაცილებით მეტი ე.წ. სასჯელი იქნა შეფარდებული უკანონოდ დაკავებულთათვის, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით, ჩვენი თანამოქალაქეები გაცილებით ადრე დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება ამ ორ პირს, მათ ედავებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე, უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს თამაზ გინტურის მკვლელობის და ამასთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
,,რაც შეეხება უკანონო ბორდერაზაციის ფაქტებს, ჩვენ გავიარეთ თითოეული ფაქტი დეტალურად. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე და ასევე მითითებულ იქნა კონკრეტული ლოკაციები, სადაც განხორციელდა აღნიშნული უკანონო პროცესი, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი იყო სტანდარტული.
ამასთან, მსჯელობის დროს, გავააქტიურეთ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი და ამასთან დაკავშირებითაც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლებისთვის სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი როგორც გინტურის, ისევე ჩვენი იმ თანამოქალაქეების საქმეებზე, რომლებიც იქნენ მოკლულნი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
