გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ის მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ძალისხმევის დაწყებას.
„გერმანიისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, პროცესის ბოლოს მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ვადეფულმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებამდე.
მისი მტკიცებით, წინსვლის ერთადერთი გზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლებაა.
„ის, რაც ახლა რეგიონს სჭირდება არის: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების დაუყოვნებლივი, უპირობო გათავისუფლება“, – აღნიშნა ვადეფულმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.
„ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ საერთაშორისო სამართლის დარღვევით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ასევე ძირს უთხრის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის შანსს. რამდენადაც ამ ეტაპზე შეიძლება ჩანდეს, მოლაპარაკებების გზით ორი სახელმწიფოს შექმნა არის გზა იმისთვის, რომ ისრაელელებმა და პალესტინელებმა შეძლონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრება“, – აღნიშნა ვადეფულმა.




