„ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ კვალიფიციური კადრების არსებობა დიდი გამოწვევაა, დღეს მთელი აღმოსავლეთ ევროპა ასეთი კადრების ექსპორტზეა დამოკიდებული“ – ირაკლი გიორგობიანი
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა გააცნო.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის თქმით, სექტორის წარმომადგენლები სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ და იმედოვნებენ, რომ ურთიერთთანამშრომლობით, შესყიდვებთან დაკავშირებულ ახალ კანონში სასარგებლო ცვლილებები შევა.
,,საქართველოში შესყიდვებთან დაკავშირებით ფაქტობრივად, ახალი კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ფასი არ იქნება შეფასების კრიტერიუმი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კანონი რომ ეფექტიანი იყოს, მუშაობა და დახვეწაა საჭირო. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შევთანხმდით, რომ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა გვექნება. სექტემბერში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, სადაც შემდეგში გადასადგმელ ნაბიჯებს განვიხილავთ”- აღნიშნა გიორგობიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ინფრასტრუქტურული მომსახურების ექსპორტი შეძლოს აუცილებელია, უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ხარისხიანი მშენებლობის უნარი ნამდვილად გვაქვს. თუმცა, ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიას არ ეყრდნობა: საკითხი დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფო შემსყიდველის გადაწყვეტილებებსა და ინვესტიციებზე. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც დღეს უკვე მთელი აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა.
,,იმისთვის, რომ რაღაცის ექსპორტი მოვახერხოთ, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, მათ უნდა დავანახოთ, რომ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეგვიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლოგიკურია, რომ ქვეყანაში სამშენებლო ხარჯი ყოველწლიურად ერთნაირი ვერ იქნება, მაგალითად ავტობანს ყოველ წელს ვერ ავაშენებთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოთხოვნის გარკვეული კლება ალბათ, 5-6 წელიწადში დაიწყება. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მომუშავე მსხვილ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს და მათი მუშაობის ტემპს- რამე ახალი ტექნოლოგია რომ დაინერგოს, ამის ნება პირველ რიგში შემსყიდველს უნდა ჰქონდეს და ფინანსებიც მან უნდა გადაიხადოს. ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მისი მშენებლობის დროს სიახლეების დანერგვა, ძალიან არის დამოკიდებული შემსყიდველზე. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ძალიან დიდი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების არსებობა, დღეს აღმოსავლეთ ევროპა ასეთი კადრების ექსპორტზეა დამოკიდებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, სადაც კერძო სექტორის მუშაობა და აქტიურობა გადამწყვეტია”,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა რადიო “კომერსანტის” ეთერში.
