ინფლაცია და გაზრდილი ფასები საქართველოში – საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 3,4% -ია. 18%-ით არის მომატებული ზეთისა და ცხიმის ფასი, 16%- ით ბოსტნეულის, 8 %-ით პურის, გაძვირებულია წამლების და სამედიცინო მომსახურების ფასებიც.
ექსპერტები “ოცნების” პოლიტიკის სავალალო შედეგებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ინფლაცია იმ პოლიტიკური კრიზისით არის განპირობებული, რომელიც ახლა ქვეყანაშია.
ფასებიც სწორედ ამ კონტექსტში იზრდება, იმიტომ რომ ინფლაცია პირდაპირ მიბმულია ფასების ზრდაზე – ამბობს ბადრი ნიაურია.
“ინფლაციაზე და ფასების ზრდაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება არა ინსტიტუციური გზით და არ არსებობს ბიზნესსა და საზოგადოებას შორის გრძელვადიანი ხედვები. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ პოლიტიკური კრიზისით, რაც სახეზე გვაქვს და სწორედ ეს არის კრიზისი, როდესაც ერთ სოციალურ პოლიტიკური მოქმედება ვრცელდება უკვე ეკონომიკაზე. ფასებიც სწორედ ამ კონტექსტში იზრდება, იმიტომ რომ ინფლაცია პირდაპირ მიბმულია ფასების ზრდაზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობა დაკარგა ეროვნულმა ვალუტამა”, – ამბობს ბადრი ნიაური.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის თქმით, “მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც ყელყელაობს ხელისუფლება არაფერ კავშირში არ არის რეალურ ეკონომიკასთან.”
“საშიში მაჩვენებელი არის სასურსათო პროდუქტების ინფლაცია 7 %- იანი და ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდა 9%-იანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაზისო მოთხოვნილებები, რაც ყველა ჩვენს თანამოქალაქეს აქვს ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი. როცა ვხედავთ, რომ ზეთზე არის ფასი გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ადამიანი აუცილებლად იყენებს არის ზრდა. რაც ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლითაც ყელყელაობს ხელისუფლება არაფერ კავშირში არ არის რეალურ ეკონომიკასთან და როგორ ცხოვრებს ერთი საშუალო მოქალაქე”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ჯანდაცვაში [9,2 პროცენტით], ხოლო სურსათი 7 პროცენტით გაძვირდა.
წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი; ფასებმა მოიმატა ასევე პურსა და პურპროდუქტებზე; გაძვირდა თევზეული, ზეთი და სხვა პროდუქტები. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ფასები შემცირდა ბოსტნეულზე, რძესა და კვერცხზე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, წინა, მარტის თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები საშუალოდ 0.4 პროცენტით გაიზარდა.
· ფასები მომატებულია: ხილი და ყურძენი [5.2 პროცენტი], პური და პურპროდუქტები [2.2 პროცენტი], ყავა, ჩაი და კაკაო [1.9 პროცენტი], თევზეული [1.5 პროცენტი], ზეთი და ცხიმი [1.5 პროცენტი], ხორცი და ხორცის პროდუქტები [0.2 პროცენტი], შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული [0.2 პროცენტი].
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული [-2.1 პროცენტი], რძე, ყველი და კვერცხი [-1.5 პროცენტი], მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები [-1.2 პროცენტი];
· ფასები მომატებულია ტანსაცმელზე [2.3 პროცენტით]; 0.4 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც.
· აპრილში, მარტთან შედარებით გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება [0.7 პროცენტი], სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა [0.5 პროცენტი] და საავადმყოფოების მომსახურება [0.3 პროცენტი];
იგივე პერიოდში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა [-1.9 პროცენტი] და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე [-0.2 პროცენტი], ხოლო ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე [1.3 პროცენტი].
რაც შეეხება ფასებს 2024 წლის აპრილთან შედარებით, 2025 წლის აპრილში ფასები 7 პროცენტითაა გაზრდილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე; 3,3 პროცენტითაა გაზრდილი – ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;
9,2 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანდაცვაში, 4,9 პროცენტით – განათლებაში, 6,1 პროცენტით დაიზარდა ფასები სასტუმროებში, კაფეებში, რესტორნებში, ასევე სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
შარშანდელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაძვირდა – საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი; 0.1 პროცენტით კი – დასვენება, გართობა და კულტურა.
ჯგუფში – კავშირგაბმულობა – ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით; ტრანსპორტი – 2,2 პროცენტით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2,7 პროცენტით.
„2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა“ – აცხადებს საქსტატი.
