„ინტერნეტის ხარისხის, სტაბილურობისა და სიჩქარის თვალსაზრისით ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანია Cyber Trust-ის დამფუძნებელი გიორგი იაშვილი ამბობს. მისი თქმით, ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლები არიან ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიები და სახელმწიფოს მხრიდან – კომუნიკაციების კომისიაა, რომელიც პროვაიდერებზე ლიცენზიას გასცემს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიურმა კომპანია Surfshark-მა 2023 წლის ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო გასულ წელთან შედარებით 2 საფეხურით დაწინაურდა და 121 ქვეყნიდან 67-დან 65-ზე გადაინაცვლა. კავკასიის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე წინა პოზიციაზეა, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა სხვა მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.
აღნიშნული ინდექსი 5 ინდიკატორის – ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის, ელექტრონული ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის დონით ფასდება. გიორგი იაშვილის თქმით, შედარებით კარგი მდგომარეობა კიბერუსაფრთხოების კუთხითაა, სავალალო შედეგია ინტერნეტის ხარისხთან მიმართებაში.
„121 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზე ყოფნა ვერ ვიტყვით, რომ კარგი პოზიცია, ან ცუდი. აქ მნიშვნელოვანია ამ ინდიკატორების მიხედვით ჩაშლილი მდგომარეობა, რომ ვნახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თვალში გვხვდება არის ის, რომ ხუთივე კომპონენტიდან მხოლოდ ერთია, რომელშიც მეტ-ნაკლებად კარგი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის ელექტრონულ უსაფრთხოების ნაწილი. ესეც იმის გამოა, რომ არსებობს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსი, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა ამ ინდიკატორის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ამ ინდექსის მიხედვით ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩო გამართული გვაქვს, პერსონალური მონაცემების კუთხითაც კარგად გვაქვს შედარებით საქმე და ამან განაპირობა ის, რომ ეს კომპონენტი შედარებით მაღალ დონეზეა.
ქვეყანაში სავალალო შედეგია ინტერნეტის ხარისხთან მიმართებაში. ეს ეხება როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური ინტერნეტის ხარისხს და სიჩქარეს. ორივე კომპონენტის მაჩვენებელი ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. სხვა კომპონენტები რეალურად რეგულაციებით და დოკუმენტაციებზე დაყრდნობით ფასდება და ეს ინდიკატორი – ინტერნეტის ხარისხი პირდაპირ პრაქტიკულადაა გაზომილი, რამდენიმე რეპუტაციულ რესურსზე დაყრდნობით. შესაბამისად, ბევრად უფრო ზუსტია ეს ინდიკატორი. ხარისხი, ინტერნეტის სტაბილურობა და სიჩქარე ერთნაირად უარყოფით მდგომარეობაშია.
რაც შეეხება ბოლო ინდიკატორს – გარდა იმისა, რომ ელექტრონული სერვისები არსებობს, მნიშვნელოვანია რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები და რამდენად მოსახერხებელია ეს სერვისები. აღნიშნული ინდიკატორი აჩვენებს, რომ მდგომარეობა აქაც ძალიან დაბალია“,- ამბობს გიორგი იაშვილი.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ინტერნეტის ხარისხის, სტაბილურობა და სიჩქარეა და ამაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიები არიან და სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციების კომისიაა.
„ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლები არიან პირველი – ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების და სახელმწიფოს მხრიდან – კომუნიკაციების კომისიაა, რომელიც პროვაიდერებზე ლიცენზიას გასცემს. აქაც მეტი კონტროლი უნდა იყოს ხარისხზე. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს რეგულირებადი უნდა იყოს, მაგრამ კონტროლს დაქვემდებარებული უნდა იყოს იმ კუთხით, რომ საბაზისო სიჩქარე უნდა იყოს მითითებული ან მოთხოვნილი, რომლის ქვევითაც არ უნდა იყოს მიწოდებული ინტერნეტი“, – აცხადებს გიორგი იაშვილი.