ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება – თუ პარლამენტი “გირჩის” ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
შემოთავაზებული ვერსიით, სასჯელის შემცირება, ან ციხიდან გათავისუფლება ნარკოდანაშაულის გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების მუხლებზეც ვრცელდება. სწორედ ამ მუხლებით იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ინიციატივას მხარს უჭერენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და დამოუკიდებელი დეპუტატები. ენმ-ის წევრი,
თინა ბოკუჩავა “პირველებთან” ამბობს:
“ვფიქრობ, რომ ზოგადი ამნისტია მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, თუმცა დამატებითი დეტალები უნდა გაირკვეს ამ ინიციატივის ავტორებთან. ეს თუ იქნება ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება ფართო ჯგუფებს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა, ამიტომ განვიხილავთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და მზად ვართ, გავაგრძელოთ დისკუსიები ამ ინიციატივის ავტორებთან”
დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია:
რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილსაც ეხება. მანდ ბევრი მუხლია, თითქმის ყველა მუხლი. არ ეხება, მხოლოდ და მხოლოდ, ოჯახში ძალადობას, ქალზე მოძალადეებს და ბავშვებზე მოძალადეებს. ვფიქრობ, რომ ეს ამნისტია პოლიტიკური ზემოქმედების იარაღას გამოაცლის “ქართულ ოცნებას”. მეორე ნაწილი, დიახ, როდესაც მუდმივი საუბარი მიდის სასამართლოს მიკერძოებულობაზე, მართლმსაჯულების სამართლიანობაზე, მაშინ ამნისტია შეიძლება იყოს ის ჰუმანური აქტი, რომელიც გაუჩენს სამართლიანობის განცდას ციხეშ მყოფ ადამიანებს”
