ინვესტორები „უსაფრთხო თავშესაფრების“ ძიებაში ოქროსა და შვეიცარიულ ფრანკს ყიდულობდნენ – როგორ რეაგირებენ მსოფლიოს ბირჟები ისრაელის სამხედრო დარტყმებზე
ირანზე ისრაელის სამხედრო დარტყმების პარალელურად დღეს დილიდან აზიის საფონდო ბირჟები და უოლ-სტრიტის ფიუჩერსები მკვეთრად დაეცა – ამის შესახებ Reuters წერს.
ინვესტორები „უსაფრთხო თავშესაფრების“ ძიებაში ოქროსა და შვეიცარიულ ფრანკს ყიდულობდნენ.
ამერიკული S&P 500-ის ინდექსის ფიუჩერსები 1.7%-ით, Nasdaq-ის 1.8%-ით, ხოლო პანევროპული STOXX 50-ის 1.6%-ით დაეცა. იაპონიის Nikkei 1.3%-ით, სამხრეთ კორეული KOSPI 1.1%-ით, ხოლო ჰონგ-კონგის Hang Seng 0.8%-ით შემცირდა.
უსაფრთხო აქტივების ძიების ფონზე აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ფასები გაიზარდა და 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა მხოლოდ ერთთვიან მინიმუმამდე, 4.31%-მდე დაეცა.
ასევე, შვეიცარიული ფრანკი 0.4%-ით გაიზარდა და 0.8072 დოლარს მიაღწია, ხოლო იაპონური იენმა 0.3%-ით, 143.12-იან დონემდე მოიმატა. თავად დოლარიც „უსაფრთხო თავშესაფრის“ როლს ასრულებდა, რომლის ინდექსიც 0.5%-ით, 98.131-მდე გაიზარდა.
ევრო 0.4%-ით, 1.1538 დოლარამდე დაეცა, რითაც წინა დღის 0.9%-იანი ზრდა ნაწილობრივ დაკარგა, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მაქსიმალური ზრდა იყო. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.5%-ით, ანუ 1.3554 დოლარამდე მას შემდეგ დაეცა, რაც დღის დასაწყისში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს, 1.3613 დოლარს მიაღწია.
კომპანია IG-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, „ვიდრე ირანისგან პოტენციური პასუხი არის მოსალოდნელი, ბაზრის განწყობა უფრო გაუარესდება, რადგან ტრეიდერები შაბათ-კვირის წინ სარისკო პოზიციებს ხურავენ.“
ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასებიც მკვეთრად გაიზარდა.
ცნობისათვის: 12 ივნისის, გვიან ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო “პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად. მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
www.bpn.ge
