ინდოეთის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო მოქმედების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაშმირის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს.
საერთაშორისო მედია ინდოეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის ჯამუს, სამბას, კატუას, რაჯურის და პუნჩის რეგიონებში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დროებით დაიხურა.
ინდოეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად მსხვერპლის შესახებ იტყობინება პაკისტანიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში ინდოეთის საჰაერო დარტყმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და 35 დაშავდა.
პაკისტანის სამხედრო ძალები, მათ მიერ განადგურებული ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ავრცელებს ცნობებს, Reuters-თან საუბარში პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა აჰმედ შარიფ ჩოუდჰარიმ თქვა, რომ ჩამოგდებულია Rafale-ს ტიპის სამი თვითმფრინავი და „სუ-30“ და „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავები.
სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, ინდოეთის თვითმფრინავები მათი სამიზნე მხოლოდ პაკისტანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გახდნენ.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა. რომ ყურადღებით აკვირდება პროცესს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთის მიერ დღეს დილით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას სამწუხაროდ მიიჩნევს. “ისინი ორივე ჩინეთის მეზობლებიც არიან. ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, იმოქმედონ მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე” – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
7 მაისს ღამით, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით “სინდორი”. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
ფორუმი
