“ინდოეთის ვიზები ისევ პრობლემაა” – ტურისტული სექტორი ინდოელი ტურისტების წილზე

ინდოელი ტურისტების მხრიდან საქართველოში დასვენებასა თუ მოგზაურობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ზრდას ცხადყოფს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, 2023 წელს საქართველოში 84 688 ინდოეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 60.3%-ით მაღალი მაჩვენებელია.
მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, ტუროპერატორებს ხშირად ინდოელი ტურისტები საქართველოს ნაცვლად, მეზობელ ქვეყნებში მიჰყავთ – ამის მიზეზი საქართველოში ინდოელებისთვის ვიზების შეფერხებით გაცემაა.
როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ვიზების გაცემის პრობლემის გამო საქართველო ინდოელ დამსვენებელს კარგავს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.
“ინდოეთის ვიზები ისევ პრობლემაა. კვლავ ხელოვნური ინტელექტის მიერ ხდება ვიზების გაცემა. ტუროპერატორებს , რომლებსაც საქართველოში უნდა შემოეყვანათ ინდოელი ტურისტები, შეჰყავთ აზერბაიჯანში, საუბარია დიდ ჯგუფებზე.
ინდოეთის მოქალაქეებს ნუ აღვწერთ სტატისტიკით, უნდა დავთვალოთ რამდენი ვიზა გაიცა და რამდენს ეთქვა უარი ინდოეთიდან შემოსვლაზე” – აღნიშნავს ის.
ინდოეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესში შეფერხებებზე საუბრობს ტურისტული კომპანია “ვინგლეთის” დამფუძნებელი. როგორც ანა კირკიტაძე აღნიშნავს, ინდოეთი საკმაოდ საინტერესო, მხარჯველუნარიანი სეგმენტია. მისი განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინდოელები არჩევანს ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე აკეთებენ ამის ერთ-ერთი მიზეზი სავიზო პროცესია, ამასთან, აზერბაიჯანში არსებული სასტუმროები მათ დაინტერესებას შედარებით დაბალი ფასითაც ახერხებენ.
“რომ ვადარებთ საქართველოსა და აზერბაიჯანში შეყვანილი ინდოელი ტურისტების რაოდენობას, საქართველო საკმაოდ ჩამორჩება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავიზო პროცესია.
ზოგადად ინდოეთი საინტერესო ბაზარია. სამხრეთ ინდოეთი უფრო მხარჯველუნარიანი, ვიდრე ჩრდილოეთი, ამიტომ აქცენტი, რომ გაკეთდეს უფრო სამხრეთ ჩრდილოეთიდან ჩამოყვანაზე უფრო შემოსავლიანი იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის. ეს არის ბაზარი, რომელიც ყველა სერვისს ჯავშნის წინასწარ” – განმარტავს ანა კირკიტაძე.
ინფორმაციისთვის: საქართველოში ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლა პირდაპირმა ავიამიმოსვლამ წაახალისა. გასულ წელს ქვეყნის ავიაბაზარს ინდოეთის მსხვილი ავიაკომპანია Indigo შემოუერთდა, რომელიც ფრენებს თბილისი-დელი-თბილისის მიმართულებით ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ