ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:
25 წლის წინ, 1999 წლის 31 დეკემბერს პარიზში შეკრებილი იქაური ქართული ემიგრაციისა და თბილისიდან ვიზებით ევროპაში ჩასული ქართველების ფოტოთი, კოლაჟში პირველი რომაა, მომინდა 2024წლისთვის სამადლობელის თქმა და მასთან გამოთხოვება ფოტოზე აღბეჭდილთაგან ყველა საქართველოს ევროპულ მომავალზე ვოცნებობდით და ამიტომაც ვარჩიეთ ახალი ათასწლეულის შეხვედრა პარიზში, ჩვენს საბჭოთა მეხსიერებაში ევროპის გულად აღიარებულ ქალაქში. თბილისსაც რომ ხშირად ვადარებდით პარიზს, ეგეც ამ ოცნების ქვეცნობიერიდან იყო. უმეტესობა სტუმრებისა ჩემზე ბევრად ადრე იცნობდა მასპინძლებს – სალომეს და ბატონ ჯანრის და ახლა, 25წლის შემდეგ მართლა მიკვირს, საკუთარ ცოდნას, ურთიერთობის გამოცდილებას უარი რომ უთხრეს და ბევრად გვიან გაცნობილი “ქველმოქმედი” ოლიგარქის გადმოსახედიდან განიკითხავენ. და როგორ და რის გამოც განიკითხავენ, რომ მესმის, ვრწმუნდები, ცნობით არც მაშინ იცნობდნენ სალომეს, სნობურ ნაცნობობას და ურთიერთობას თუ არ ჩავთვლით. მარადიული ხსოვნა და ნათელი მათ, ვინც იმ საღამოს ჩვენთან იყო და დღეს მარადისობიდან გვგულშემატკივრობენ და იქიდან ლოცვით გვეწევიან, განსაკუთრებით, ქალბატონი ზეინაბ კედია და ბატონი ჯანრი. მათი ცხოვრება ხომ საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, რუსეთის ორბიტიდან სამუდამოდ ჩამოცილების და ევროპასთან დაახლოებისათვის ბრძოლაში გაილია ეს აუცილებლად მინდოდა მეთქვა ამ ისტორიული ფოტოს კიდევ ერთხელ გაზიარებისას
ახლა რაც შეეხება 2024 წელს, რომელიც სულაც არ ყოფილა მარტივი. პირადად ჩემთვის, წლის პირველ ნახევარს, ისეთი პირი უჩანდა, მთელი ცხოვრების საამაყო და სასიხარულო ჩემი ჯერჯერობით პირველი წიგნის “მოუყოლელი ამბების” გამოცემით და მკითხველებთან უკუკავშირით უნდა შემორჩენოდა ხსოვნას. მე ხომ საკუთარი თავი, თავისი აჩრდილებით და განვლილი გზით, ცხადით თუ სიზმრით აღსარებასავით ჩაგაბარეთ, ბევრი თქვენგანი დავაფიქრე წინაპრებთან კავშირის, მათი დალოცვის, ნამდვილი გულშემატკივრობის ძალაზე და ვეცადე დამენახებინა იმედი ჩვენი, საკუთარი რესურსების სახით
ცხოვრება ხომ ერთი დიდი მოგზაურობაა დაბადებამდე დაწყებული მარადიულ შინ დაბრუნებით დასრულებული. და თუ ადამიანი ამ დიდი და მთავარი მოგზაურობის გამშვენიერებას, გამრავალფეროვნებას, საინტერესოდ ქცევას შეძლებს სხვა, პატარ-პატარა გეოგრაფიული მოგზაურობებით, ცხოვრება მართლაც მშვენიერი ხდება. მადლობა 2024ს ეთიოპიელი, ბავშვურად სუფთა ქრისტიანების გაცნობისათვის, 20თებერვალს ტანას ტბის კუნძულებზე მონასტერში იქაურ ბერთან ერთად ლოცვის შემდეგ, ჩემი Giorgi Lobzhanidze ის დაბადების დღეს, მისი ცხოვრების სიყვარულის გამოჯანმრთელების სიხარულისთვის,იქაური ავთენტური ტომების დღევანდელი დღით ცხოვრების სიბრძნისთვის.ეთიოპია წლის მთავარი მოგზაურობა იყო ჩემთვის გერმანიის მოწესრიგებულობის, კოზმას და დამიანეს წმინდა ნაწილების მოლოცვის,იტალიაში ღვთისმშობელი ადვოკატას ლუკა მახარებლის დაწერილ ხატთან მიახლების, ანდრია პირველწოდებულის სამყოფელი ამალფის დიდებულების შეგრძნების, ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში პარაკლისით და კიდევ უამრავი ანტიკური თუ ბიზანტიური სიძველეების ხილვით; სიცილიაში სიცილისთვის და კატანიაში საკატაოდ ჩასვლით კვიპროსის ქართულ ნაკვალევზე სიარულით, მკვდრეთით აღდგომილი ლაზარესთვის საქართველოს თავისუფლების,აღდგომის,განახლების შევედრებით და ცხოვრებაში პირველად ღალიის ქართული მონასტრის ნატაძრალის ღია სივრცეში ზიარებით მადლობა ღმერთს, რომ ამ დღეებით, მოგზაურობის ლაღი და უდრტვინველი თავგადასავლებით აღნიშნა 2024 ჩემს ცხოვრებაში
მადლიერი ვარ ღმერთის, გულწრფელად მადლიერი, ყველა წამისთვის, ცხოვრების ყველა ფერის, ემოციის განცდისთვის,ზოგჯერ ისეთისაც,რომ გგონია,ვერ გაუძლებ,წაიქცევი,დაეცემი და წამოდგომის სურვილიც აღარ გექნება.ასეთი წამები წამებად მექცა,დღეები და კვირეები გრძელდებოდა და დეპრესია რომ არ ჩამომჯდომოდა საწოლთან,როგორც არაერთხელ ცხოვრებაში,ქეჩოში წავავლე ჩემს თავს ხელი და ამოვათრიე უმწეობის,უძლურების,უმოქმედობის ჭაობიდან.და ახლა მადლიერი ვარ ყველა იმ ტკივილისთვის,როცა წამიერად მეგონა,რომ ცხოვრება დასრულდა,როცა ჩემიანი რომ მეგონა,იმ ადამიანებმა მდევდეს,მლანძღეს,მაგინეს და ლიზაც არ დაინდეს.მადლობა მათ,რომ საკუთარ თავში მიტევების ისეთი უნარი აღმომაჩენინეს,ლოცვებში მათ მოხსენიებას ჩვეულებრივ ვაგრძელებ.ვერ მოვიტყუები,თავიდან მიჭირდა,ვმრისხანებდი,ვბობოქრობდი საკუთარ თავთან.მაგრამ მე ეს შევძელი და მადლობა საკუთარ თავს ამ სიძლიერისთვის თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ის ადამიანები ჩემს და, მით უფრო ლიზას, ცხოვრებაში დაბრუნდებიან ოდესმე.ისინი 2024ში დარჩებიან სამუდამოდ.ღმერთმა მათი სიკეთე,სიხარული,წინსვლა და წარმატება გამაგონოს მხოლოდ თავდაცვის ასეთი მექანიზმი მასწავლა ამ წელმა და მადლობა მას ამისათვის
ალბათ,შეიძლებოდა ეს პირადი ამბავი ჩემთვის შემენახა,მაგრამ, ჯერ ერთი, ეს ჩემი პირადი გვერდია და ძალიან მაინტერესებს წლების მერე მემორის რომ ვნახავ, რამდენად ძლიერი ვიქნები ამ ამბების,ასეთი ტკივილის გადამტანი,როგორ ახალ უნარებს,რა ახალ ნიჭებს,რესურსებს აღმომაჩენინებს ცხოვრება საკუთარ თავში და მეორე,როგორც კი ჩემი პირადი ტკივილის მოგვარება ღმერთს მივანდე წლის დასაწყისში გაცნობილი ეთიოპიელებივით, როგორც კი დავრწმუნდი და ვიწამე,რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის, ვინც ყველგანმყოფი და ყოვლისმხედველია,ტყუილად სიკეთის,სიყვარულის,ერთობის,მოკლედ კეთილი, ნათელი ენერგიების ფლანგვას თავი დავანებე. იყოს ნება შენი, ვთქვი და უფრო მეტი სინათლით და სიკეთით ავივსე და ეს გამოცდილება ჩვენს ამ დიდ ბრძოლაშიც გადმოვიტანე, რისთვისაც დღეს რუსთაველზე ვხვდებით ახალ წელს, მერე ბედობას, შობას, ვიდრე ნაწამები პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ახალი არჩევნები არ დაინიშნება – ჩვენი საკუთარი და ქვეყნის ბოროტებისაგან განმათავისუფლებელ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. აღჭურვილი ვარ მოთმინებით, პრინციპებით, ბრძოლის სამართლიანობით, გამარჯვების რწმენით და ერთობის ძალით
დაე,იყოს ნება ღვთისა! ღმერთი ყოველთვის სიმართლისთვის დევნილთა, თავისუფლებისთვის მებრძოლთა, ჩაგრულთა და ტყვეთა მხარესაა 2025 ჩემი, გველის წელია, სიბრძნის, გონიერების წელი, გამარჯვებისაც იქნება, საქართველოს გამარჯვების, ნახავთ, თუ არა, მოვაშორებთ წურბელებს
ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული, სიყვარული,ბედნიერება,ლხინი, გამრავლება, ყოველდღიური უსაფრთხო ყოფა, კეთილდღეობა, ხვავი, ბარაქა მისურვებია თითოეული ოჯახისათვის მადლობა 2024 წელს და ბედნიერებით, სიკეთით, სიხარულით მოგვიდი, ახალო წელო