ინგა ჩახვაშვილი: ახლა ერთი ჩემთვის ნამდვილად პატივსაცემი და ერისთვის ძვირფასი ადამიანის სტატუსი შემხვდა, სტატუსიც არა – ოდა და ქებათაქება თეა წულუკიანს. ადამიანურად მესმის…

ჟურნალისტი, მწერალი ინგა ჩახვაშვილი:
ახლა ერთი ჩემთვის ნამდვილად პატივსაცემი და ერისთვის ძვირფასი ადამიანის სტატუსი შემხვდა, სტატუსიც არა – ოდა და ქებათაქება თეა წულუკიანს. ადამიანურად მესმის, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და როგორც ასეთი ადამიანების შემთხვევაში ხდება, ადვილად მიაწვდინეს ხმა “ძლიერთა ამა სოფლისათს” და გადარჩა ადამიანი. მიხარია, გულწრფელად მიხარია. დიდხანს უნდა იცოცხლოს და დიდხანს გვყავდეს ❤️❤️
არც იმათზე ვიტყვი რამეს, ფეისბუქზე აგროვილი ლარ-ლარით რომ გავუშვით სამკურნალოდ და გვარ-სახელებიც აღარ გვახსოვს მათი, გამოჯანმრთელებამდე რომ ვგულშემატკივრობდით და ვერაგ სენზე გამარჯვებული გავუშვით დალოცვილი თავისი ცხოვრების გრძელ გზაზე ❤️❤️
მხოლოდ სინანულით და გულისტკივილით გავიხსენებ იმათ, ვისაც ვეღარ მივუსწარით, ნათელი მათ სულებს ❤️🙏
ჩემ თავზე მინდა გთხოვოთ ჩემს ნამდვილ მეგობრებს, ფრენდებს, ვისაც პირადად გიცნობთ: რომ გაიგოთ ჩემზე ფარსაგი დიაგნოზი, რომ აღმომაჩნდეს რაიმე ისეთი დაავადება, რასაც თქვენი რესურსი ვერ გაწვდება, ახლავე გემუდარებით, სანამ ცოცხალი ვიქნები, ნუ წამართმევთ თავისუფლებას და ნუ შემიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას. არაფერში მჭირდება ისეთი სიცოცხლე, სხვისი სატკივარი, მოყვასის მდგომარეობა, ქვეყნის თავისუფლება ფეხზე დავიკიდო და სამშობლოს წურბელებივით შესეულ მტარვალებს, ხელისუფლებას რომ ეძახის თავს, დითირამბები ვუძღვნა, ახალგაზრდებისთვის, ჩვენი შვილებისთვის წართმეული მომავალი ჩემს არსებობადქცეულ სიცოცხლეზე გავცვალო.
თუ სრული გულწრფელობით და გაცნობიერებით არ ვამბობდე ამას, ხვალინდელი დღე არ გამითენდეს. თავისუფლება ერთადერთია, რისთვისაც გაგვაჩინა უფალმა და რისთვისაც ღირს ცხოვრება, გთხოვთ, სანამ ვისუნთქებ, ნუ წამართმევთ ამ თავისუფლებას.
პ.ს. არ დამიწყოთ დამუნათება, რა დროს ეგეთებიაო. ჯერ მე არაფერს ვაპირებ და იმედი მაქვს, ღვთის ნებაც ეგ იქნება, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, უამრავი ქვეყანა რუკაზე მონიშნული სამოგზაუროდ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, დასაწერი, დასახატი, სამღერი (მერე რა, რომ სმენა არ მაქვს, გუშინ მარშზე ისე ომახიანად ვმღეროდი და გულში მჯეროდა, რომ არც ერთი ყალბი ბგერა არ გამპარვია).
და დიდხანს უნდა ვიცხოვრო, ჩემი სამშობლოს თავისუფლებას და ბედნიერ, უზრუნველ მომავალს მოვესწრო 🥰🥰🥰 ევროპული სიბერე მინდა გამოვცადო ჩემს მეგობარ-თანამოაზრე-თანამებრძოლებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი პეტერ ფიშერზე – როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალია – ადასტურებს, რომ შეუძლია დაიკავოს პოზიცია, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი