“ბევრი წლის წინ ლაშა მურუსიძის გვერდიდან წამოვიღე და მაშინაც ვიტირე. ახლა მემორიმ რომ შემახსენა, თან დღევანდელ დღეს, უფრო გულაჩუყებული ვკითხულობდი. წაიკითხეთ, როგორ უპირობოდ უნდა გიყვარდეს შენი ნაკრების ფეხბურთელები, როგორ უნდა გაიხარჯო მათ მხარდასაჭერად, რომ მათ მიმართ ხალხის სიყვარული ხელისუფლებაში ყოფნისთვის გამოსაკერებლად კი არ გამოიყენო, არამედ შენი ქვეყნის ჰიმნმა უდიდეს სტადიონებზე რომ გაიჟღეროს, როგორც გამარჯვებულის ჰიმნმა. ამისთვის კი ფული არა, მხოლოდ სიყვარულია საჭირო – უპირობო, მართალი, მთელი გულით სიყვარული,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი და პიეტრო ლომბარდის გვაცნობს.
პიეტრო ლომბარდი 1924 წელს ფლორენციაში დაიბადა. როდესაც 20 წლის შესრულდა, პოლიციის აკადემიაში ჩააბარა და შემდეგ ამ საქმეს გაჰყვა. მოკლედ, “კარაბინიერი” გახლდათ და
თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა. როგორც იტალიელების აბსოლუტურ უმრავლესობას, მასაც უყვარდა ფეხბურთი და, როგორც ფლორენციელების აბსოლუტური უმრავლესობა, ისიც “ფიორენტინას” გულშემატკივარი იყო. თუმცა, “სტადიო არტემიო ფრანკიზე” იშვიათად დადიოდა და მეტწილად, ტელევიზიით ადევნებდა თვალს თამაშებს. გასული საუკუნის შუა პერიოდი და რადიოში მოსმენილი საფეხბურთო ტრანსლიაციები ყოველთვის კარგად ახსენდებოდა და ხშირად, იმ დროს შენატროდა. 50 წელს ისე გადააბიჯა, რომ ფეხბურთთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონია – მხოლოდ გულშემატკივრობა რადიოსა თუ ტელევიზიის საშუალებით და აქა-იქ სტადიონზე სტუმრობა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, გამოუცხადეს, რომ “კოვერჩიანოს” სამწვრთნელ ბაზაზე იყო მივლენილი და იქ უნდა დაეცვა უსაფრთხოების ნორმები.
“კოვერჩიანო” ფლორენციაში მდებარე საწვრთნელი ბაზაა, რომელიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და სადაც “სკუადრა აძურა” მატჩებისთვის ემზადება. “კოვერჩიანო” იტალიური ფეხბურთისთვის საკულტო ადგილია, რადგან იქ ქვეყნის მთავარი გუნდი გადის შეკრებებს და იქ, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები ვარჯიშობენ. თავიდან, პიეტრო ლომბარდი თავისთვის, ჩუმად იდგა და აკვირდებოდა მოვლენებს – ცდილობდა, რომ ბაზაზე ყოველთვის წესრიგი ყოფილიყო. ეს უკვე 80-იანი წლებია, იტალიაში კი ის თაობა მოდის, რომელიც ესპანურ მუნდიალზე ოქროს აიღებს. ანუ, პიეტრო ლომბარდი “კოვერჩიანოს” საწვრთნელ ცენტრში პაოლო როსის, მარკო ტარდელის, კლაუდიო ჯენტილეს, დინო ძოფის, ალესანდრო ალტობელის და სხვა ვარსკვლავების უსაფრთხოებას იცავდა. გადიოდა წლები, ლომბარდი კი კარგად ართმევდა თავს მოვალეობას და მისი სხვაგან გადაყვანა არავის უფიქრია. პიეტრო ძალიან დაუახლოვდა ფეხბურთელებს და მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მოთამაშეებს უყვარდათ მასთან საუბარი, შთაბეჭდილებების გაზიარება და მისგან რჩევების მიღება.
* * *
1991 წელს, იტალიის ნაკრების მწვრთნელი არიგო საკი გახდა, რომელსაც არ გამორჩენია, რომ უკვე ასაკოვანი კარაბინიერი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო. სულ მალე, სენიორ პიეტრომ მოულოდნელი შეთავაზება მიიღო, რომელსაც უყოყმანოდ დათანხმდა – ლომბარდი იტალიის ეროვნული ნაკრების ადმინისტრატორი გახდა; თუმცა, ის იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ადმინისტრატორი და ამაზე სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთა მოყოლილი ისტორიები ნათლად მეტყველებს. რობერტო ბაჯო: “პიეტრო ლომბარდი ადმინისტრატორი იყო? – არც კი ვიცოდი. ის ჩვენთვის ყველაფერი იყო. ალბათ უფრო მამა, რომელიც ცხოვრებას გვასწავლიდა. 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაფუჭებული საბედისწერო პენალტის შემდეგ, იტალიაში დაბრუნება არ მინდოდა და საერთოდ, მეგონა რომ არა თუ ჩემი კარიერა, ცხოვრება დასრულდა. ხაზი გადავუსვი ყველაფერს – გატანილ გოლებს, ტიტულებს და ოქროს ბურთს, რადგან ამიერიდან ჩემი სახელი სწორედ გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანთან იქნებოდა ასოცირებული. უმძიმეს პერიოდში, ყველაზე მეტად სწორედ ლომბარდი დამეხმარა, რისთვისაც ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები, პიეტროს ნათქვამი ერთი ფრაზა კი არასდროს დამავიწყდება: ისინი ჩემპიონები არიან და ზეიმობენ, მაგრამ დამიჯერე, 22 ბრაზილიელი ფეხბურთელიდან, მინიმუმ 21 ისურვებდა, რომ რობერტო ბაჯო იყოს, თუნდაც დამარცხებული და თუნდაც ასეთი ფატალური. სულ მინდოდა მეკითხა თუ ვინ იყო ის ერთადერთი, მაგრამ რატომღაც, არ ვკითხე. ალბათ რომარიო”. ფრანჩერსკო ტოტი: “პიეტრო ლომბარდი ჩვენი ბაბუ იყო, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სულ ჭკუას გვარიგებდა და ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც კი გვასწავლიდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფში მას დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მედალი არ აუღია, რადგან ადმინისტრატორებს ის არ ერგებათ. ეს ალბათ, ყველაზე დიდი უსამართლობაა, რაც კი ფეხბურთში ოდესმე მინახავს. ყოველი თამაშის წინ და შემდეგ, ჯერ მარჩელო ლიპის ვუსმენდით და შემდეგ პიეტრო ლომბარდის, რადგან მან ყველაზე უკეთ იცოდა თუ, როდის, რა ეთქვა. გერმანიასთან ნახევარფიალური მატჩის წინ, ფავორიტად მეტოქე ითვლებოდა და თითქოს, გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა მოგების. გერმანელები დაფრინავდნენ და თანაც, დორტმუნდში, გადაჭედილი ტრიბუნებით გველოდნენ. როდესაც თამაშის წინ, გასახურებლად მინდირზე გავედით და მოედანზე გადმოკიდებულ ტრიბუნებს ავხედე მტრულად განწყობილი გულშემატკივრებით, მივხვდი, რომ ასეთ წნეხში არასდროს არსად მითამაშია. მაშინ, ყველა პიეტროს რჩევას ველოდით, მან ყველაზე მოკლე სიტყვა თქვა, რაც კი ოდესმე უთქვამს – მხოლოდ ერთი წინადადება: იმღერეთ ჰიმნი ისე, რომ ხმის იოგები ჩაგიწყდეთ”. მარიო ბალოტელი: “ჩეზარე პრანდელი შესანიშნავი ადამიანია და მან იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს, თუმცა ის, რომ ეროვნულ ნაკრებში არასდროს მქონია პრობლემები, პირველ რიგში, პიეტრო ლომბარდის დამსახურება იყო. ერთხელ, ვკითხე: სენიორ პიეტრო, მე ალბათ, ყველაზე რთული ფეხბურთელი ვარ, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ – გაეღიმა და მიპასუხა: პაოლო როსიზე გსმენია რამე? – მეც გამეღიმემა, მან კი დასძინა: იმასთან შედარებით ტორტი ხარ მარწყვის შიგთავსით. როგორც შემდეგ შევიტყვე, როსისაც ძალიან უყვარდა სენიორ პიეტროსთან საუბარი”. დანიელე დე როსი: “2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკას ვხვდებოდით, როდესაც წითელი ბარათი მივიღე და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამომიწერეს. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ნომერში შევიკეტე და გამოსვლა აღარ მინდოდა. პიეტრო საათობით იჯდა ჩემთან და მელაპარაკებოდა. ახალგაზრდობის პერიოდს იხსენებდა და იმ სირთულეებს, რომელიც გამოიარა, ყველაზე მეტი კი მაინც ომზე ილაპარაკა. არ ვიცი, რა კვალიფიკაციის ფსიქოლოგი უნდა შემხვედროდა, რომ ისე გამოვეყვანე დეპრესიიდან, როგორც ეს მან შეძლო. მახსოვს, ფინალის წინ, მოვიდა, მაგრად გადამეხვია და მითხრა: ხომ არაფერი მითხოვია შენთვის – გადი და მოიგე მსოფლიოს ჩემპიონატი. როდესაც ეს მითხრა, თვალზე ცრემლი მოადგა. როცა თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩემი ჯერი დადგა, ბურთისკენ მიმავალი სწორედ პიეტროზე ვფიქრიბდი – მინდოდა, რომ გატანილი გოლით, მისთვის მადლობა გადამეხადა. მე გავიტანე პენალტი და ჩვენ მოვიგეთ ის ჩემპიონატი”.
* * *
16 მარტს, დანიელე დე როსიმ და ფრანჩესკო ტოტიმ დილას ადრე, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, რადგან შემდეგ ფლორენციაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. რომაელებს ტოსკანის დედაქალაქში მთელი საფეხბურთო იტალია დახვდათ. იქ იყვნენ ყველა თაობის ფეხბურთელები, მწვრთნელები, საფეხბურთო ჩინოსნები – ისინი ბოლო გზაზე აცილებდნენ ფლორენციელ კარაბინიერის, რომელიც 92 წლის ასაკში აღესრულა – აცილებდნენ ისე, როგორც ეს იტალიაში იციან: ცრემლებში გაზავებული ტაშით და ოვაციებით. პიეტრო ლომბარდი მიწას უნდა მიებარებინათ, როდესაც მოულოდნელად, მასთან დანიელე დე როსი მივიდა, ჯიბიდან 2006 წელს მოგებული ოქროს მედალი ამოიღო და მკერდზე დაასვენა. დანიელეს სიტყვა მოკლე იყო, მაგრამ მრავლისმთქმელი: “ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი ოდესმე მქონია და ვატან ყველაზე ძვირფას ადამიანს, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი”.
* * *
რამდენიმე დღეში, პიეტრო ლომბარდის პირადი ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელთა შესახებ მის გარდაცვალებამდე არავინ, არაფერი იცოდა. ბაბუ თავისთვის წერდა და ამ ნაწერებს ოჯახის წევრებსაც კი არ უზიარებდა. სამომავლოდ, ამ ჩანაწერების მიხედვით, წიგნის გამოცემა იგეგმება, აქ კი მხოლოდ ერთ პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ: “ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. მიხაროდა იმ ბიჭების გამო, რომლებმაც საკუთარ თავს აჯობეს. მიხაროდა მწვრთნელის გამო, რომელსაც ჩემპიონატის მსვლელობისას, მთელი ერთი თვის განმავლობაში, არც კი ვიცი როდის ეძინა. მიხაროდა გერმანიაში მცხოვრები იტალიელების გამო, რომლებიც იქ ძირითადად, პიცას აცხობენ, გერმანისასთან მოგების შემდეგ კი ბიზნესი ჩაუწვათ, მაგრამ მაინც უბედნიერესები იყვნენ. მიხარია, რომ მეც ამ ისტორიის ნაწილი ვარ და მერე რა, რომ ადმინისტრატორს ოქროს მედალი არ ერგება. მე ვიცი, რომ თითოეული ფეხბურთელი თავისი მედლის მცირედს მე მიძღვნის, ასე კი ერთი მედალი ნამდვილად შეიკვრება”.