პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის, ირმა ინაშვილის თქმით, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის საჯაროდ შენდობის თხოვნის შემდეგ გამოდის, რომ საპატრიარქომ “კოჭი გაუგორა მტერს”. სამების მღვდელმსახურმა დღეს შენდობა ითხოვა “დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე”, რადგან ხატის ტაძარში დაბრძანება საპატრიარქოს არ აცნობა.
“მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!
ამათი შიშით აღარ ვისუნთქოთ?! ესენი ნეობოლშევიკები არიან, ამათ ზეიმს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი?! მორწმუნე საზოგადოება ღელავს არა იმიტომ, რომ ტაძარში ხატი შებრძანდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ხედავს უსამართლო დათმობებს. გავიგეთ, რომ საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. თუმცა, მშვიდობა უკვე იყო და ეს, რატომღაც, ვერ გააცნობიერეს საპატრიარქოში და როცა მტერი დამარცხდა, მაშინ გამოვიდა, რომ მტერს კოჭი გაუგორეს და გააცოცხლეს ის. ჩვენ გვესმის მოტივაცია. საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. ამ გადაწყვეტილებამ მშვიდობა სულაც არ მოიტანა, მრევლი პირიქით გააღიზიანა, მაგრამ მაზიარებლები ვართ და დავემორჩილეთ. ახლა არც თქვენ არაფერი დაგიშავებიათ და არც არავის და შენდობას რაღაზე ითხოვთ, გამაგებინეთ?! დამიჯერეთ, ამდენი უკანდახევა ვერავის ვერ გაახარებს” – წერს ინაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.
9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.
10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქომ 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია – “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.
საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გუშინ, 11 იანვარსაც გაავრცელა და მრევლს მოუწოდა, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.