ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
როგორც კომპანია „თბილღვინოში“ აცხადებენ, მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და ცნობადობის ასამაღლებლად გაცილებით მეტი მარკეტინგული აქტივობები და თანხებია საჭირო.
როგორც „თბილღვინოს“ დირექტორმა, ზურაბ მარგველაშვილმა BMG-ის განუცხადა, დღევანდელი ვითარება, როდესაც ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 70% რუსეთზე მოდის, არაჯანსაღია.
„გასულ წელს [მარკეტინგული აქტივობებისთვის] დაახლოებით 16 მლნ ლარი დაიხარჯა, წელს 17 მლნ იხარჯება. თუ ავიღებთ სტატისტიკას, ჩვენი ღვინის გაყიდვები ზოგ ქვეყანაში შეიძლება 100-200%-ით იზრდებოდეს, თუმცა ეს იქიდან გამომდინარე, რომ ადრე ძალიან ცოტა იყიდებოდა და ის რაოდენობა გაორმაგდა ან გასამმაგდა. შესაბამისად, გვაქვს ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომ მთელი დარგის ექსპორტის 70%-მდე ერთ ქვეყანაზე მოდის, მით უმეტეს, რომ იქ პოლიტიკური და ეკონომიკური, სავალუტო კურსის რისკებია. შესაბამისად, თავად ციფრები გვეუბნება, რომ მარკეტინგული აქტივობები, თანხები ბევრად მეტია საჭირო. უნდა ავიღოთ ტოპ 10, მაქსიმუმ ტოპ 20 ქვეყანა, რომელიც თანხობრივად ყველაზე მეტ ღვინოს ყიდულობს. შესაბამისად, იმ ქვეყნებზე უნდა მოხდეს ბევრად მეტი აქტივობების, ფინანსური და ადამიანური რესურსის დახარჯვა, იმისთვის, რომ ჩვენ ადგილი დავიმკვიდროთ იქ, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები არაა და მსყიდველობითი უნარი მაღალია.
თუმცა, რაც არ უნდა ბევრი ფული დაიხარჯოს, თუ ჩვენ არ გვექნება ხარისხის კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არცერთი ბოთლი ღვინო არცერთ ქვეყანაში არ გადიოდეს იმ სტანდარტებზე დაბალი, ვიდრე უნდა იყოს, ეს იმ სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს. ჩვენ ტერიტორიულად და ვენახებით პატარა ქვეყანა ვართ, უნიკალური ისტორიით, შესაბამისად, ძირითადად მაღალი კატეგორიის ღვინოები უნდა გვქონდეს, რომელიც თაროზე ყველაზე იაფი არ უნდა იყოს. ქართული ღვინის საშუალო და გრძელვადიანი მომავალი ესაა, ესაა ჩვენი ხედვა და მსოფლიო ღვინის მოხმარებაც ამ მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, შარშან ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ თითქმის 276 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 288.6 მლნ დოლარს შეადგენდა. ორივე შემთხვევაში, მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ყურძნის ნატურალური ღვინოების 276 მლნ დოლარიანი ექსპორტიდან 182.6 მლნ დოლარი ანუ 66% რუსეთზე მოდის. 2023 წელთან შედარებით, შარშან რუსეთში ღვინის ექსპორტი 8.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სპირტიანი სასმელებს, გასულ წელს რუსეთში თითქმის 155 მლნ დოლარის გაიყიდა და 2023 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 130%-ს შეადგენდა.