“შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე იმპორტიორებთან მტკიცება გვიწევს, რომ ქართული თხილი ნამდვილად ხარისხიანია”, – ამის შესახებ თხილის საწარმო “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ბაზრები ქართულ თხილს, როგორც ალტერნატივას განიხილავს, რაც სამწუხარო რეალობაა. ამასთან, როგორც ის ამბობს, საქართველო არ აქვს ისეთი მასშტაბის წარმოება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან წილს დაიკავებდა, რაც ბუნებრივია. თხილის გლობალურ ბაზარზე, თურქეთი დომინანტ პოზიციას ინარჩუნებს, როგორც წარმოების, ისე ექსპორტის კუთხით.
“სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოში თხილის მოსავლის ის რაოდენობა, რომელმაც შეიძლება მსოფლიო ბაზარზე გავლენა მოახდინოს. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის ლიდერი ქვეყანა მოსავლიანობით და ექსპორტიორობის კუთხით. ის მთლიანი ბაზრის 70%-ს ფლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით მოთხოვნა-მიწოდებას და აგრეთვე, თურქეთის მიერ გამოშვებულ ფასს”, – განაცხადა ბაია სალუქვაძემ.
მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ქართული თხილის მეტი პოპულარიზაცია და ნიშის მოპოვება, რომ ქართული თხილი ხარისხიანი პროდუქტია.
“ქართულ თხილს მეტი პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ. უნდა ვთქვათ, რომ არის ხარისხიანი და ყველა ექსპორტიორმა კომპანიამ ვიზრუნოთ, რომ ვაწარმოოთ ხარისხიანი, რომელიც ევროპის ქვეყნებში იქნება დაშვებული”, – აღნიშნა სალუქვაძემ.
