“რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, სახელმწიფოს ეს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, ეს 80%-ზე როცა გვაქვს საუბარი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც, არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდა არის,” – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.
როგორც მან ტელეკომპანია “იმედთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ორივე მხარის ინტერესშია და საჭიროა, “ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს”.
“ჩვენ არ ვიძახით უარს და შემდეგ დღეებში პირდაპირ უკვე, მკაფიოდ, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ დღესვე მზადა ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივართ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე არის. ამ დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რომ ჩვენ უარი კი არა, პირიქით, განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს, თორემ იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ ჩადიან და რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესებში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცით, რომ მათ ინტერესებშიც შედის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს,” – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა TV იმედთან ინტერვიუში.