ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახელით მიღებული მუქარის შემცველი შეტყობინების ადრესატები თავადაც იყვნენ.
ტელეკომპანია ასაჯაროებს მეილს, რომელიც, მათი განცხადებით, ბექა ვარდოსანიძის სახელით მიიღეს რამდენიმე კვირის წინ.
„მე ბექა ვარდოსანიძემ უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან, პოლიცია აიგნორებს ჩვენს მოთხოვნილებებს რადგან ხუმრობა ჰგონია, დაე აღსდგეს სამართალი და დაეცეს პრო დასავლურია მედია ******! “ ,— ნათქვამია მეილის ტექსტში, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ ასაჯაროებს.
ტელეკომპანიის განცხადებით, წერილის მიღებისთანავე შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდნენ და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა.
ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 31 იანვარს, დილის საათებში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით [სსკ-ის 331-ე მუხლი] დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. ვარდოსანიძის სახლიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ალტ-ინფოში ვარდოსანიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ჩხრეკა და გამოკითხვაზე გადაყვანა ამ უკანასკნელის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.