„ჩვენ თქვენგან გვჭირდება ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება, რადგან იზოლაციის წინააღმდეგ ეს ერთადერთი დაცვაა“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
ზურაბიშვილმა ისაუბრა ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.
„ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ელემენტია საჭირო. საჭიროა ძლიერი სამოქალაქო მდგრადობა შიგნიდან, და ვფიქრობ, ჩვენ ამას ვფლობთ. ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული, გმირული წინააღმდეგობა, არამედ მშვიდობიანი და ყოველგვარი რესურსის გარეშე მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა სხვადასხვა ტიპის თავდასხმების წინააღმდეგ. ახლა, მათ შორის, რუსეთის „სახელმძღვანელოში“ დამატებულია ახალი მეთოდიც სამოქალაქო საზოგადოების და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უკვე 308 დღეა ქუჩაში აპროტესტებს. მიზანში ამოიღეს არა მხოლოდ თვითონ პროტესტის მონაწილეები, არამედ მათი ოჯახები, მშობლები და ბებია-ბაბუები, რადგან აქამდე ვერაფერმა შეაჩერა პროტესტი. ამ 308 დღის განმავლობაში არც ერთი ფანჯარა არ ჩამტვრეულა დემონსტრანტების მხრიდან. ეს არ გულისხმობს ძალადობას, რომელსაც პოლიციამ მიმართა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მაგრამ, მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არსებული სამოქალაქო მედეგობა საკმარისი არ არის დღევანდელ მსოფლიოში, თუ არ არსებობს ყურადღება გარედან.
„საქართველოს მთავარი პრობლემაა,რომ პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყნის მმართველი პარტია კი, მოსკოვთან შეთანხმებით, ცდილობს ქვეყანას იზოლაციაში მოაქციოს. ჩვენ თქვენგან ყველასგან გვჭირდება ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება, რადგან იზოლაციის წინააღმდეგ ეს არის ერთადერთი დაცვა. როდესაც ჩვენს პარტნიორთაგან ზოგიერთს სჯერა, რომ შესაძლებელია ხელისუფლებასთან ჩართულობით მათი დაბრუნება ძველ, პროევროპულ და პროდასავლურ კურსზე, ეს მხოლოდ ილუზიაა. ქვეყანას ან მმართველ ძალას, რომელიც უკვე ასე მჭიდროს არის რუსეთს ჩახუტებული, უკან ვერ დააბრუნებ“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
თუმცა ხალხის დაბრუნება და დაცვა, ზურაბიშვილის თქმით, კვლავ შესაძლებელია.
„საქართველო დაკარგული არ არის, რადგან საქართველო არის მისი მოსახლეობა. ეს არის ის ხალხი, ვინც დღეს ქუჩაშია, და ის ხალხი, ვინც ხვალ და ზეგ გამოვა, რადგან ქართველ ხალხს მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს, არასოდეს დაუბრუნდეს რუსეთის ბატონობას. ეს ნება მთლიანია და ვერ დასუსტდება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი ყურადღება, თქვენი სოლიდარობა, რადგან მრავალფეროვანი კრიზისების მსოფლიოში პატარა ქვეყანას ძალიან უჭირს საერთაშორისო ასპარეზზე არსებობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
