-მ არქიმანდრიტი დოროთე ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

განახლება:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
ეპარქიული კომისიის განცხადების გავრცელებიდან ნახევარ საათში გამოქვეყნდა ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება, სადაც ის კომისიის შუამდგომლობას დაეთანხმა.
საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართავს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში გამწესდეს.
საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მონაწილეობის გარეშე, დღეს, 29 ოქტომბერს გაიმართა.
თავად არქიმანდრიტი საპატრიარქოში მივიდა კომისიის სხდომაზე დასასწრებად. ის ითხოვდა სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფას, თუმცა საპატრიარქოში ჟურნალისტების შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც მან შენობაში შესვლაზე უარი თქვა.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გასამართლების კომისიის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი იყო.
ეპარქიულმა კომისიის განცხადებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ამის დასტურად კომისიამ არქიმანდრიტის საუბრებიდან შესაბამისი ციტატები მოიყვანა:
· „ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა… და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.
· „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.
· „როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“
· „მე დღეს მსჯის ს ეკლესია და , ეს არის მათი დავალება…“
„ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, -ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
საპატრიარქოში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ:
1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) – კომისიის მდივანი
4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)
5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო, საპატრიარქოს წარმომადგენლები ახსნა-განმარტებას სთხოვენ. ის 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული საეპარქიო კომისიის სხდომაზე, სადაც „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.