ილია ღუდუშაური თავისუფალია – მან ნახევარ მილიონიანი გირაო 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.

პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ილია ღუდუშაურს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუდგინა.

პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

ბრალდების მხარე მისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

თავად ბრალდებულს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია . ის ბრალს სრულად დაეთანხმა.

წინა სასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარდმგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.უწყების განმარტებით, ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები