ილია ღამბაშიძე – კაცი, რომელსაც ამერიკის მთავრობა კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის ლოკომოტივად თვლის

ავტორი მეთიუ კუპერი
შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ილია ღამბაშიძე – პოლიტიკის რუსი კონსულტანტი – პასუხისმგებელია ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის შელახვას, რაც არამარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხდება.
კრემლის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციით, მისი ციფრული მარკეტინგის სააგენტო ინტერნეტში ქმნის ყალბი ახალი ამბების ვებგვერდებს. ხშირ შემთხვევაში, ეს ნამდვილი ახალი ამბების სააგენტოთა ასლებია, ერთგვარი კლონები, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს ცრუ ამბებს აწვდიან და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, – აცხადებს ამერიკის მთავრობა. ხშირად მათი მიზანი უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის შემცირება იყო.
2024 წლის მარტში, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ევროკავშირში მიღებული ანალოგიური ზომების შემდეგ, ილია ღამბაშიძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულია მისი საქმიანი პარტნიორი და მათი კომპანიებიც.
ბოლო წლებში პოლიტიკის რუსი სტრატეგისადმი ყურადღება თანდათან გაიზარდა. ის ადრე მხოლოდ რუს კანონმდებლებთან და რეგიონულ პოლიტიკოსებთან მუშაობდა და მისი ბიოგრაფია ბოლო დრომდე შედარებით ნაკლებად იყო ცნობილი.
მაგრამ ახლა, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, რომელიც სწავლობდა ს სახელმწიფო მონაცემთა ბაზებს ევროპაში, ასევე რუსეთში საქმიანობის დოკუმენტაციასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებს, იკვეთება, რომ ილია ღამბაშიძე უბრალო კონსულტანტიდან რუსული დეზინფორმაციის წამყვან ძალად გადაიქცა. ასევე, გამოჩნდა მისი კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
2013-დან 2020 წლამდე, კომპანიებმა, რომელთაც ღამბაშიძე სრულად ან ნაწილობრივ ფლობდა, ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში იყო, სახელმწიფოსგან სულ ცოტა, 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის სამთავრობო კონტრაქტები მიიღო.
ღამბაშიძის საქმიანობის მთავარი მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციაა. მაგრამ, ამ დროს, მისი ორივე ვაჟი ამერიკაში ცხოვრობს.
როგორც „ამერიკის ხმამ“ საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებითა და სოციალური მედიის ქსელების საშუალებით გაარკვია, მისი ყოფილი მეუღლე დაახლოებით 15 წელია შეერთებულ შტატებში იმყოფება. მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია თავადაც დაგვიდასტურა. „ამერიკის ხმა“ მათ ვინაობას, შვილების დაცვის მიზნით, არ ამხელს.
ღამბაშიძის ყოფილი მეუღლის თქმით, ილიაზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, დიდი გავლენა იქონია მის შვილებზე, რადგან მათ აღარ აქვთ ალიმენტის მიღების საშუალება. შესაბამისად, როგორც მათი მამინაცვალი ამბობს, ბავშვებს ძალზე „თავმდაბალი ცხოვრების სტილი აქვთ, ისინი საჯარო სოლებში ან საზოგადოებრივ კოლეჯში დადიან“.
“ამერიკის ხმის” გამოძიებამ დაადგინა მჭიდრო კავშირი მის რუსულ საქმიან ინტერესებსა და კრემლის საგარეო პოლიტიკას შორის. აშკარა გახდა, რომ ღამბაშიძე თავის კომპანიებით ცდილობს დასავლეთის ინსტიტუტებისა და თავად დასავლეთის დისკრედიტაციას.
ჩვენ შევეცადეთ ღამბაშიძეს კომენტარისთვის მოსკოვში ტელეფონით დავკავშირებოდით. მან კომენტარზე უარი თქვა და ითხოვა, კითხვები მისთვის სოციალური ქსელით, “ტელეგრამით” გაგვეგზავნა. თუმცა, ღამბაშიძემ “ამერიკის ხმის” კითხვებს არც “ტელეგრამში” უპასუხა.
რა ვიცით ილია ღამბაშიძეზე
რთულია საჯარო წყაროებით ღამბაშიძის სრული ბიოგრაფიის შეკვრა. თუმცა, იმით, რაზეც ხელი მიგვიწვდება, შტრიხები მისი ზოგადი პორტრეტის შესაქმნელად, მეტ-ნაკლებად იკვეთება.
ილია ღამბაშიძე 1977 წელს კიევში დაიბადა, მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ში. ამ ინფორმაციას ფლობს შეერთებული შტატების სამთავრობო უწყება “ოფაკი” (იშიფრება როგორც უცხოეთის აქტივების კონტროლის ოფისი), რომელიც შეერთებული შტატების სახელით სანქციებს აწესებს.
2008 წელს ღამბაშიძემ რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მისი დისერტაციის სათაურია – “რუსეთის ფედერაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხები პარტიული სისტემის გარდაქმნის კონტექსტში”.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ღამბაშიძე თანაშემწედ მუშაობდა მოსკოვის ჩრდილოეთ რაიონის პრეფექტურაში. სწორედ ამ დროს მოხდა უცნაური რამ: ადგილი ჰქონდა ღამბაშიძის გატაცების მცდელობას. მისი ყოფილი მეუღლე და შვილებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით იმავე პერიოდში წავიდნენ.
ღამბაშიძე რუსეთში დარჩა და მუშაობა დაიწყო მაღალი თანამდებობის მქონე პიოტრ ტოლსტოის მრჩევლად. ტოლსტოი მაშინ დუმაში, რუსეთის პარლამენტში თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის ოჯახის ჩამომავალია.
რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ღამბაშიძე ბათუ კრასიკოვთანაც მუშაობდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ყალმუხეთის რესპუბლიკის გუბერნატორთან. რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ამ ჩრდილო-კავკასიურ რეგიონში ტრადიციულად ბუდისტი უმცირესობა ცხოვრობს.
სულ ცოტა ხნის წინ კი, 2023 წელს, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, ღამბაშიძე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში საქმიანობდა. ცნობილი ნაციონალისტური მიმართულების პოლიტიკური პარტია ათწლეულების მანძილზე, რუსეთის პარლამენტში პუტინის მომხრე “ოპოზიციის” როლს ასრულებდა.
იმავე წელს, ღამბაშიძის გუნდებს რუსეთის პოლიტიკურ კონსულტანტთა ასოციაციამ სამი წარმატებული საარჩევნო პროექტისთვის, რამდენიმე ჯილდო გადასცა. აქედან ორი საკმაოდ უცნაური იყო: პარტიის დამფუძნებლის, ვლადიმირ ჟირინოვსკისადმი მიძღვნილი ვირტუალური მონუმენტი, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა, და მეორე – იმავე ჟირინოვსკისთვის მიძღვნილი კომპიუტერული თამაშის მოყვარულთა მაისის გამოსვლა.
ეს ბოლო პროექტი ჟირინოვსკის ციფრული იმიჯია, რომელიც მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტის შექმნილია და შეუძლია მისი ხმით და აგრესიული საუბრის მანერით, სხვის დასმულ კითხვებს უპასუხოს.
ცოტა ხნის წინ, 2024 წლის მარტში, ღამბაშიძის გუნდებმა საკმაოდ უწყინარი ვიდეორგოლი შექმნეს. სახუმარო კლიპი რუსეთის ქალაქ ტამბოვში მცხოვრებ მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. მომღერლები აკორდეონის და ბალალაიკის თანხლებით, მძიმე რუსული აქცენტით, ინგლისურად მღერიან: “ყველანი მივდივართ არჩევნებზე… ჩვენთან ავტოკრატია არ არის, დემოკრატიაში ვცხოვრობთ”.
ამ ბოლო შეხედულებას დამოუკიდებელი ექსპერტები და დასავლეთის მთავრობები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
კრემლის დეზინფორმაცია
2022 წლიდან დაწყებული დღემდე, სოციალური მედიის კომპანიები, დასავლეთის მთავრობები და დამოუკიდებელი მედია, სულ უფრო და უფრო ხშირად პოულობენ ღამბაშიძის მფლობელობაში მყოფი ორი ორგანიზაციის კვალს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულ დეზინფორმაციაში. მათ შორისაა უკრაინა და ევროპის სხვა ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები, თუ შეერთებული შტატები.
2022 წლის ნოემბერში “მეტამ”, ყოფილმა “ფეისბუქმა” გამოაცხადა, რომ გააუქმა 2 300-ზე მეტი ანგარიში და გვერდი. მათი მფლობელები “ფეისბუქზე” და “ინსტაგრამზე” შეამჩნიეს “კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში”.
ამ ანგარიშების მფლობელები თავს ნამდვილი მედიის წარმომადგენლებად, ან სამთავრობო გვერდების ადმინისტრატორებად ასაღებდნენ და ვებგვერდებიდან ბმულებს კოორდინირებულად აზიარებდნენ. სტატიებში ძალიან ხშირად “გაკრიტიკებულია უკრაინა, იქ ხოტბას ასხამენ რუსეთს და ამტკიცებენ, რომ რუსეთზე დაწესებული დასავლეთის სანქციები მათ ცუდად დაუბრუნდებათ”, – წერდა მაშინ “მეტა”.
უკრაინის გარდა, დეზინფორმაციის აღნიშნული კამპანიის სამიზნე ევროპაც იყო. ევროპის ოფიციალურმა პირებმა ამ კამპანიას მოგვიანებით “დოპელგანგერი” შეარქვეს, რაც ადამიანის უცნობ ორეულს ნიშნავს.
“მეტა” თვლის, რომ კამპანიის უკან ორი რუსული ფირმა დგას. ერთია მარკეტინგული კომპანია “სოციალური დიზაინის სააგენტო” და მეორე – ხელოვნური ინტელექტის კომპანია “სტრუქტურა”. მათ “მეტას” ქსელებში, “ფეისბუქზე” და “ინსტაგრამზე” საკუთარი ბმულების რეკლამაში დაახლოებით $105,000 გადაიხადეს.
შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მონაცემებით, კომპანიის “სოციალური დიზაინის სააგენტო” (SDA) ღამბაშიძის დაფუძნებულია. თუმცა, ის ოფიციალურად რეგისტრირებულია ტამბოველი ქალის სახელზე. ღამბაშიძე “სტრუქტურის” თანადამფუძნებელიცაა, თუმცა ის დღეს ნაკლებად ცნობილი, ვინმე ნიკოლაი ტუპიკინის სახელზეა გაფორმებული.
საჯაროდ ინტერნეტში ღამბაშიძის მხოლოდ ერთი ფოტო შემორჩა. ის წარმატებულ სტარტაფებზე გამოქვეყნებულ მასალაში “ტელეგრამის” ერთ-ერთმა არხმა გამოაქვეყნა. მასზე სხვა ვიზუალური მასალა მედიაში არ მოიპოვება.
ნიკოლაი ტუპიკინმაც კომენტარზე “ამერიკის ხმას” უარი უთხრა, როცა მას ტელეფონით დაუკავშირდნენ. “სტრუქტურის” ახლანდელი მფლობელი არც ელექტრონულ წერილებს პასუხობს.
ევროკავშირმა ღამბაშიძეს და მის ორივე კომპანიას სანქციები 2023 წლის ივლისში დაუწესა.
ამის შემდეგ ღამბაშიძის კვალი კიდევ ბევრ სხვა საქმეში გამოიკვეთა. მაგალითად, 2023 წელს, ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაწყებული ომის შემდეგ, პარიზში შენობების კედლებზე უცნობი ადამიანები ხატავდნენ ს სიმბოლოს, დავითის “ვარსკვლავს” და ამ გზით მოსახლეობაში დაძაბულობის გამწვავებას ცდილობდნენ. საფრანგეთის პოლიციამ საქმეზე მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავა, რომელთაც ფრანგული მედიის ცნობით, კავშირები რუსეთის დაზვერვასთან ჰქონდათ. რუსეთის საელჩო პარიზში ამ ბრალდებებს უარყოფს.
შემდეგ იყო ბრალდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაწყებული ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანიისთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კამპანიის წარმოებაში ბრალი ღამბაშიძეს, ტუპიკინს და მათ კომპანიებს დასდო. ბრალდების მიხედვით, ისინი დეზინფორმაციის კამპანიას კრემლის განკარგულებით აწარმოებდნენ. ამ ფაქტებზე, კრემლიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ინტენსიურად წერდა “ვაშინგტონ პოსტი”, სადაც ე.წ. დოპელგანგერის მუშაობის სტილი გაცილებით უკეთ გამოკვეთა.
დასავლეთში თვლიან, რომ კრემლში ღამბაშიძის უშუალო უფროსი სერგეი კირილენკოა. ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა და ჩვეულებრივ, საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს.
ღამბაშიძის კომპანიები ე.წ. ბოტების ფერმასაც ხშირად იყენებს. ისინი თავს ამერიკის რიგით მოქალაქეებად წარმოაჩენენ და აკრიტიკებენ ვაშინგტონიდან უკრაინის დახმარებას.
თუმცა, უკრაინა მათთვის მუშაობის მთავარი ან ერთდერთი მიმართულება არ არის. ისინი ამწვავებენ და აღრმავებენ ამერიკის პოლიტიკაში არსებულ ბევრ წინააღმდეგობრივ საკითხს, მაგალითად – ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე მოზღვავებული მიგრანტების საკითხს, რასობრივ დაპირისპირებებს, ეკონომიკურ პრობლემებს და სხვა. “ვაშინგტონ პოსტის” მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ღამბაშიძის დეზინფორმაცია, როგორც წესი, ამერიკაში ქვეყნის იზოლაციონიზმს უწყობს ხელს. ამ მხრივ, მათ მიერ წარმოებული დეზინფორმაციის ბოლო კამპანიები ერთგვარად იმეორებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ, არაპირდაპირი ჩარევის მცდელობის გამოცდილებას.
“ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული მასალების ავტორები თვლიან, რომ ევროპული და უკრაინული დეზინფორმაციის კამპანიის მთავარი კოორდინატორი სოფია ზახაროვაა, ასევე კრემლის ოფიციალური პირი. მისი ოფისის მუშაობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურაზეა ფოკუსირებული.
ზახაროვაზეც ცოტა რამ თუ არის ცნობილი. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მას რუსეთის დიპლომატიური აკადემია აქვს დამთავრებული და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, ნამუშევარია საგარეო საქმეთა სამინისტროში და გაეროში. “ამერიკის ხმამ” ვერც მასთან შეძლო კომენტარზე დაკავშირება.
ღამბაშიძემ რუსეთის სოციოლოგიის ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში თქვა, რომ მათ მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იზრდება. მისი თქმით, პოლიტიკური ტექნოლოგიები მომავალში “ხელოვნურ ინტელექტს კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებენ, ინტერნეტიდან ინფორმაციის შეგროვებისთვის და მისი გადამუშავებისთვის. ისინი შეისწავლიან კომენტარებს სოციალურ ქსელებში, მათ ტონს, შეაფასებენ მასალებს და ა.შ”.
ღამბაშიძე კიდევ ერთი კომპანიის ერთ მესამედს ფლობდა, რომლის სახელი ითარგმნება როგორც “ღრმა კომუნიკაცია”. რუსეთის ოფიციალური სამთავრობო ვებგვერდების მიხედვით, მან 2014-2016 წლებში, დაახლოებით $1.76 მილიონის ღირებულების 12 სამთვრობო კონტრაქტი მოიპოვა. ამას გარდა, ის იყო თანამფლობელი კომპანიისა U.S.P.R., რომელმაც რუსეთის მთავრობის კიდევ ერთი კონტრაქტი მიიღო, დაახლოებით $83,000-ის ღირებულების. მისმა კიდევ ერთმა ენერგოკომპანიამ $975,000-იანი 15 სამთავრობო კონტრაქტი გააფორმა. ფიქრობენ, რომ სამთავრობო კონტრაქტებს ის სავარაუდოდ, დედაზე გაფორმებული სხვა კომპანიის სახელითაც ღებულობდა.
ოფიციალურად, ამ კომპანიების უმეტესი ნაწილის საქმიანობა განისაზღვრება ვებგვერდების მომსახურებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რეკლამებით და ა.შ. თუმცა იყო ცოტა უცნაური კონტრაქტებიც, როგორიცაა მაგალითად “ღრმა კომუნიკაციების” მიერ გადაღებული ფილმი “ჟასმინი”, ან ყირგიზეთთან თანამშრომლობით შექმნილი “სულეიმან-ტუ”.
ჯამში, სხვადასხვა კომპანიების გზით, ღამბაშიძემ $2.7 მილიონის ოდენობის სამთავრობო კონტრაქტი მიიღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ეს კომპანია დღეს ლიკვიდირებულია. აღარ არსებობს არც მათი ოფისები.
როცა 2024 წლის მარტში შეერთებული შტატების ხაზინამ ღამბაშიძეს სანქციები დაუწესა, მაშინ ვაშინგტონმა მას ორი ანგარიში გაუყინა, სადაც დაახლოებით $200,000-ის კრიპტოვალუტა იყო. თანხები ამ ანგარიშებზე კომპანია “გარანტექსმა” გადარიცხა, რომელიც ასევე სანქცირებულია.
ამჟამად მიუწვდომელია ღამბაშიძის კომპანიის ვებგვერდი. აღარსად ფიქსირდება მისი კომპანიის ოფისის მისამართი მოსკოვში, რომელიც მას წარსულში უნდა ჰქონოდა. თუმცა, ინტერნეტში შემორჩენილია მისი კომპანიის სარეკლამო საქმიანობის კვალი, სადაც ის რეკლამას უწევს უძრავ ქონებას შავ ზღვაზე, ბულგარეთში, თუ საბერძნეთში.
ბულგარეთის დოკუმენტების მიხედვით, იქ ღამბაშიძის მამის სახელზე გაფორმებული ბინა ირიცხება. თუკი მას ბულგარეთში რაიმე შემოსავალი ან აქტივები გააჩნდა, სანქციების გამო, ესეც მისთვის უკვე მიუწვდომელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ