ილია მეორე – დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა – აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს მიმართავს.
პატრიარქის განცხადებით, გარდაცვლილთათვის ლოცვები აღევლინება.
„ბატონ ვიტალი ჭოლარიას და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.
აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ოკუპირებული ს გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.