ილია ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გასულ თვეში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მ ილიას ბაღში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მის მმართველ კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. მერის თქმით, სკვერში ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცე მოუწესრიგებელია.
დღეს გამართულ სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
„ილიას ბაღის ტერიტორია იჯარით არის გადაცემული. 2011 წელს მოხდა მისი გასხვისება 49 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. უამრავი წერილი და შეტყობინება შემოდის და ისმება კითხვები, რატომ არ აწესრიგებს ამას მერია. ჩვენ ამისი უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ბაღი კერძო საკუთრებაშია. წინა სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე, რომ შეხვედროდა ამ კომპანიის წარმომადგენელს და დალაპარაკებოდა. თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, ილიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
„შეხვედრის შედეგად, მოხდა შეთანხმება და კომპანია მთლიანად მოაწესრიგებს ილიას ბაღს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, მივესალმები ამ დამოკიდებულებას. მსგავსი პროექტების განხორციელებაში ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.