„იზვესტია“: რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს

14 მაისს სა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოსკოვში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს, იტყობინება რუსული გამოცემა „იზვესტია“.
შეხვედრაზე ქართული მხარეს საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა. საბჭოს შექმნის შესახებ მედია წლის დასაწყისში წერდა. ნიშნიანიძე ქართული მსხვილი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, “Meidan Group-ის” მფლობელია, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კი რუსი ბიზნესმენი და “გაერთიანებული მარცვლეულის კომპანიის” ხელმძღვანელი მარატ შაიდაევი.
“იზვესტია” წერს, რომ შეხვედრა „ეკონომიკაში კონსტრუქციული დიალოგის აგების მაგალითია“: „კავკასიის რესპუბლიკა, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი პროდუქციით, რომელიც წარსულში ხშირად იყო გაყალბებული და ამ პრობლემის ერთობლივად მოგვარებას აპირებენ“.
რუსულმა მხარემ შეხვედრაზე დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელშიც საუბარია დაბალი ხარისხის ქართული პროდუქციის ამოღებაზე. მაგალითად, ირწმუნებიან, რომ რუსული მაღაზიებიდან ამოიღეს ქართული კონიაკის პარტია.
“დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ხელმძღვანელობას გადასცემთ“, – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ვლადისლავ რეზნიკმა, საერთაშორისო ასოციაცია “Антиконтрафакт-ის” პრეზიდენტმა, კონიაკის, სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, თბილისს შეუძლია წარმოება კონიაკის დისტილატისა, რომლის დეფიციტიცაა რუსეთში. გარდა ამისა, მან „სიხარული გამოხატა, რომ საქართველო ვერ ჩართეს ანტირუსულ კამპანიაში“.
რუსული გამოცემა წერს რუსეთისა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე (2024 წელს მან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა) და შენიშნავს, რომ საქართველო რუსეთში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლის, ლიმონათის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს, რუსეთი კი საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გაზის, ფოლადის პროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის”განტვირთვის და სავაჭრო ბრუნვის ნაწილის „სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით“ გადატანის საკითხიც. საუბარი იყო ასევე „მისი მეშვეობით გადაზიდული ტვირთზე“ კონტროლის გამკაცრებაზე: „ქართულმა მხარემ პირობა დადო ამ მიზნისთვის უახლოეს მომავალში ახალი ლაბორატორიის მოწყობაზე“.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეთავაზება ქვეყნებს შორის რუბლსა და ლარში ურთიერთანგარიშსწორების დაწყებაზე. მსგავსი იდეა მანამდეც განხილულა.
“ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ არაფერი იცის ახალი ბიზნესასოციაციის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს არ შეუძლია, დახმარება გაუწიოს რუსეთში ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.
ადრე რუსეთი და საქართველო ეკონომიკურ საკითხებს გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრების ფორმატში განიხილავდნენ, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მსგავსი კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ფორუმი