ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება – ვის შეეხება რეგულაცია?

1-ელი ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიზანიც მომხმარებლების სახიფათო ტოქსინისგან დაცვაა. კერძოდ, იკრძალება აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება.
რეგულაციის შესახებ “სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა თეა ოშხერელმა მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში ისაუბრა. მან განმარტა, რა არის აფლატოქსინი, რა საფრთხეს უქმნის ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას, ვის შეეხება თავად რეგულაცია და რა მოცულობის ჯარიმა გაიწერება რეგულაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
რა არის აფლატოქსინი?
“დადგენილება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით იქნა მიღებული. 59-ე დადგენილება, რომელიც 2024 წლის თებერვალში დამტკიცდა, ცხოველის საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტია. რაც შეეხება დადგენილების კონკრეტულ მუხლებს, რომელიც 1 ივლისს ამოქმედდება, ცხოველის საკვებში აფლატოქსინის შემცველობას უკავშირდება. ეს ტოქსინი წარმოადგენს ობის სოკოების სინთეზირების შედეგად მიღებულ ტოქსინს და ადამიანის ჯანმრთელობაზე მთელი რიგ უარყოფითი გავლენას ახდენს, ეს არის კანცეროგენული, მუტაგენური მოქმედება. მას ასევე შეუძლია, იმუნური სისტემის ფუნქციონირება შეაფერხოს, ასევე მოქმედებს თირკმელებზე, ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს ღვიძლზე. სწორედ ამიტომ იქნა გამორჩეული, რათა ცხოველთა საკვებში აღნიშნული ნივთიერების მონიტორინგის განხორციელება დროულად მომხდარიყო. ეს ნივთიერება ცხოველის ორგანიზმიდან სურსათში ხვდება, რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად კი ადამიანის ორგანიზმში. გარკვეული მონიტორინგის შედეგად, ზოგადად, ინფორმაციის საფუძველზე რისკები დავინახეთ.
რა აჩვენა მონიტორინგმა?
ამ ნივთიერების კვლევა, პირველ რიგში, სურსათში , რძეში, რძის პროდუქტებში დაიწყო. მონიტორინგის შედეგად გარკვეული მონაცემები გვაქვს. რძეში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად , 2022 წელს აღებული ნიმუშებიდან 9 შემთხვევაში ეს დარღვევა დაფიქსირდა, 2023 წელს კი 14 შემთხვევაში.
ვის/რას შეეხება რეგულაცია?
ისეთი საკვები, რომელიც განსაკუთრებულად რისკის ქვეშაა, რომ აფლატოქსინებით დაბინძურდეს, აუცილებლად გაკონტროლდება. ასეთია, ძირითადად, მცენარეული წარმოშობის საკვები. ეს შეიძლება იყოს მარცვლოვანები, სიმინდი, ხორბალი და ა.შ. ეს ეხება როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე შემოტანილ პროდუქციას. ეს დადგენილება არა მხოლოდ მერძეული მიმართულების ცხოველების საკვების კონტროლს, არამედ სხვა ცხოველის საკვების კონტროლსაც ეხება. აფლატოქსინების ზღვრები ყველა დანარჩენი ცხოველის საკვებშიცაა განსაზღვრული. გარდა იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და სურსათის დაბინძურებას იწვევს, ამავდროულად , თუ ეს ნივთიერება ცხოველის საკვებში დიდი რაოდენობით მოხვდა, ცხოველის ინტოქსიკაციაც შეუძლია, გამოიწვიოს.
აღნიშნული რეგულაცია პირველად წარმოებას ეხება, ესაა ფერმერული მეურნეობები, ცხოველის საკვების მწარმოებლები, ცხოველის საკვების იმპორტიორები . მათ ეს ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ.
როგორ უნდა დაიცვას ფერმერმა რეგულაცია?
ობის სოკოს სპორი ძალიან ფართოდაა გავრცელებული, შეიძლება, დააბინძუროს როგორც საკვები, ასევე საკვების ნედლეული, რითაც საკვების დამზადება ხდება. ტექნოლოგიური პროცესი ისე უნდა იყოს წარმართული, რომ სოკოს სპორებით დაბინძურება თავიდან ავიცილოთ. ეს შეიძლება, მოხდეს მინდორში, ასევე დასაწყობების დროს. ცხოველის საკვების დასაწყობების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ შეიძლება, ტემპერატურა 35 გრადუსს გადასცილდეს, მაღალი ტენიანობა იყოს. ეს ხელის შემწყობია იმისა, რომ სოკოები გამრავლდნენ, გამრავლებასთან ერთად აფლატოქსინის დიდი რაოდენობით გამომუშავება ხდება . შენობა-ნაგებობების განიავება, ტენიანობის, ტემპერატურის მუდმივი კონტროლი ის საშუალებებია, რითაც შეგვიძლია, სოკოს გამრავლება თავიდან ავიცილოთ.
როგორ შეიძლება, ამოიცნოს ფერმერმა, რომ საკვები დაბინძურებულია: ობის სოკოებით დაბინძურებული ცხოველის საკვები ძალიან თვალსაჩინოა, აქვს არასასიამოვნო სუნი, პროდუქტი მთლიანად ნესტიანია, ვიზუალურად ობის სოკოს ზრდა შეიმჩნევა . ფერმერს ამოცნობა ძალიან ადვილად შეუძლია.
ვინ განახორციელებს მონიტორინგს?
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ცხოველის საკვებზე მონიტორინგს განახორციელებს. წლის განმავლობაში დაგეგმილია, რომ ცხოველის საკვებიდან 80 ნიმუშის აღება და სხვა დამაბინძურებლებთან ერთად გამოკვლევა, მათ შორის აფლატოქსინის შემცველობაზე.
რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, რამდენი იქნება ჯარიმა?
განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტშია გაწერილი. ეს ითვალისწინებს ასეთი პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვას, დაბინძურებული პროდუქტი ბაზარზე არ უნდა არ უნდა მოხვდეს, მისი ცხოველების საკვებად გამოყენება არ უნდა მოხდეს. მიეცემათ რეკომენდაცია რომ საკვებად არ გამოიყენონს. დარღვევის პირველ შემთხვევაში 1 000-ლარიანი სანქციაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში სანქცია იმატებს”, – განაცხადა თეა ოშხერელმა.