ხუთშაბათს, 20 ივნისს შეერთებული შტატების კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში მორიგი მოსმენა გაიმართა, ამჯერად რუსეთის „უცხოეთის აგენტების კანონის“ მსგავს კანონებზე, რომლებიც მიიღეს ან ამჟამად განიხილება საქართველოში, ყაზახეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოს შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოხსენებით გამოვიდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო 2012 წელს.
მიტჩელის განცხადებით, ზუსტად არ იცის, რატომ მიიღო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „აგენტების კანონი“ და რატომ მიიღო ის მაინცდამაინც ახლა, თუმცა რამდენიმე მოსაზრება გამოთქვა.
„ბევრი ვარაუდობს, რომ ეს დირექტივა მოსკოვიდან მოდის, – ვიღაცა კრემლში იღებს ტელეფონს, ურეკავს ბიძინა ივანიშვილს და ეუბნება: „ჩვენ გვინდა, რომ ეს ასე მოხდეს“… მარტივი ახსნა ეს არის, რომ რუსეთს უნდოდა მათ ეს გაეკეთებინათ. ეს მართლაც შესაძლებელია, თუმცა არ შეიძლება დანამდვილებით ვიცოდეთ“, – განაცხადა მიტჩელმა და დასძინა, რომ სინამდვილეში, „არც ისე მნიშვნელოვანია, ეს ასე მოხდა თუ არა“, რამეთუ შედეგით რუსეთი რჩება მოგებული.
მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს, – რომელსაც „არ უკავია ფორმალური როლი მთავრობაში“ დასავლეთში საკმარისად კარგად არ იცნობენ, კარგად ვერ იაზრებენ, რამდენად ხშირად „მოქმედებს იგი საკუთარი კაპრიზებით“. მან მილიარდერი ექსპრემიერი ასე დაახასიათა:
„ბიძინა ასე იქცევა: რაღაც იდეა მოსდის თავში, გააჟღერებს ამ იდეას და, რამეთუ გარშემორტყმულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა ცხოვრებაში მასთან ახლოს დარჩენაა, რათა ახლოს იყვნენ ძალაუფლებასთან, – რა თქმა უნდა, ფულისთვის, რომელიც საქართველოში მისგან მოდის, – არავის არ ეუბნება: „ჰეი, ეს ძალიან სულელური იდეაა“, მიუხედავად იმისა, რომ, მართლაც, ეს ძალიან სულელური იდეაა. ასე რომ, ის იდეა ხორციელდება“.
ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრებით, სწორედ ასე მუშაობს პოლიტიკა და ძალაუფლება საქართველოში.
ანალიტიკოსის თანახმადვე, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსეთის უშუალო დირექტივით მოხდა თუ არა, რამეთუ „შედეგი ძალიან ნათელია“:
„შედეგი ძალიან კარგია რუსეთისთვის. ეს ეხმარება რუსეთს, ეს ცუდია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ცუდია საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის, და, ვინაიდან აშშ-ის წარმომადგენელტა პალატაში ვართ, ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც“, – განაცხადა მიტჩელმა.
მიტჩელმა ყურადღება გაამახვილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე საქართველოში.
დარბაზიდან კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი სანქციების დაწესებას იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის აურაცხელი ქონება აქვს, მიტჩელმა განაცხადა:
„ვნახავთ. გაკრვეული სანქციები დაწესდა. ასევე, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციებს, – და, ამასთან ერთად, გარკვეულ ბენეფიტებს, რადგან „მათრახთან“ ერთად „თაფლაკვერიც“ საჭიროა. მაგრამ ჩემი აზრით, სანქციებს აქვს აზრი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოში, სადაც დასავლეთთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია“.
მიტჩელის თქმით, „სანქციებს ექნება გავლენა, – შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ის, ვინც ყველაზე მეტად დაზარლდება, მაგრამ ფაქტია, რომ სანქციები [„ქართულ ოცნებაში“] ძალიან არ მოსწონთ“.
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.
პროტესტი გრძელდება.
კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ფორუმი