„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოშიც მოუგო.
ეს არის საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილება ბერმუდაზე დაწყებულ დავასთან დაკავშირებით.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში პირველი დავა 2022 წლის მარტში მოუგო, თუმცა CS Life Bermuda-მ (Credit Suisse-ს შვილობილმა კომპანიამ) განაჩენი გაასაჩივრა.
ზარალის ბოლო შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში 607 მლნ დოლარი დაკარგა. ეს თანხა დასახელდა 2022 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ორივე მხარის სასამართლო ბუღალტრებს დაავალა ივანიშვილის ზარალის უფრო ზუსტი შეფასება.
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო CS Life-ის (Credit Suisse-ს შვილობილი კომპანია) საჩივარი ყველა საკითხზე, გარდა ზიანის შეფასებისთვის სწორი საწყისი თარიღისა. მან ასევე უარყო კონტრ-საჩივარიც.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოშიც მოუგო, ბუნდოვანია ის სანქციების გამო ამ თანხას მიიღებს თუ არა. მართალია ივანიშვილი ბრიტანეთის მიერ არაა სანქცირებული, თუმცა მას 2024 დეკემბრიდან აშშ-ის ფინანსური სანქციები ადევს.
20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ამერიკული სანქციების გამო ივანიშვილს თანხა მოგების შემთხვევაშიც ვერ მიეღო. ადვოკატმა ეს საკითხიც შეთქმულების თეორიით ახსნა და განაცხადა, რომ ივანიშვილი „დიპ სტეიტის“ მიერ იდევნება.
„ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“, – ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატის მიერ 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დავა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა.ბერმუდის კუნძულებზე ექვსწლიანი დავა 2022 წელს დასრულდა, მაშინ სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.თუ „კრედიტ სუისს“ საბოლოოდ შეისყიდის „იუ-ბი-სი“, ივანიშვილის მხარეს საქმე ექნება უკვე არა „კრედიტ სუისთან“, არამედ „იუ-ბი-სი“-სთან, რადგან ის გადაიბარებს ბანკის ვალდებულებებს.




