ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“ – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, დღეს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს, 4 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას და მოქალაქეებისთვის სიტყვისა და გამოხატვის შესაძლებლობის წართმევას.
„ორ დღის წინ მსოფლიო აღნიშნავდა მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს, თუმცა საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება.
უფრო მეტიც – ყოველდღიურად ვხედავთ ჟურნალისტთა უფლებების უხეშ დარღვევებს. გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას. ჩვენს გვერდით იმყოფება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა.
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, – მედიის ადვოკატირების კოალიციაში.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, „მედიის მტაცებლების სიაში“ სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს.
„ის მოხვდა ისეთი ავტორიტარი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში. არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას.
სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება — მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. უკანასკნელი ემსახურება მოძალადე რეჟიმს, ავრცელებს პროპაგანდას, დევნის პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ახალისებს მედიის შიგნით შუღლსა და რეპრესიებს საკუთარი მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ.
ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას“, – აცხადებენ მედიის ადვოკატირების კოალიციაში.