ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
– ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში არ უნდა ვეკამათოთ ბიძინა ივანიშვილს, არც არჩევნებში უნდა შევეჯიბროთ. ერთიანი წინააღდეგობით უნდა ჩამოვშალოთ რეჟიმი და კონსტიტუციით, ამ წინააღდეგობის უფლება გვაქვს.
-ბოლოს სახალხო აჯანყებამდე მივდივართ?
– სახალხო აჯანყება და რევოლუციები არ სჭირდება მაგას, რეჟიმი უნდა გავაჩეროთ.
-როგორ უნდა გავაჩეროთ?
– ბევრი მეთოდია. დაწყებული დიდი დემონსტრაციებით და მსვლელობებით და დამთავრებული გაფიცვებით და პიკეტირერებით. ასევე, მორალური, ფსიქოლოგიური, საინფორმაციო ზეწოლა, ბლოკირებები, გადაკეტვები, გაფიცვები… ბევრი საშუალებაა და ჩვენ ველოსიპედის, ახალი ტაქტიკის გამოგონება არ მოგვიწევს. ბიძინა ივანიშვილი არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დიქტატორი. ბევრნი ყოფილან, ბევრნი მოუშორებია ხალხს და მათი მოშორების ბრძოლის დემოკრატიული, მშვიდობიანი მეთოდები არსებობს. უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავიღალოთ, რადგან ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს უნდა იყოს ერის საერთო განწყობა. უნდა ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ ივანიშვილის რეჟიმი და არ უნდა დავუშვათ. ჰიტლერისა და მუსოლინის რეჟიმები გერმანელი და იტალიელი ხალხის მხარდაჭერითა და ბევრის დუმილით დამყარდა. ახლა, თუ დავსხედით ტელევიზორთან და მარტო აღშფოთდით, მაშინ არაფერი გამოვა.
– ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე გკითხავთ,რომელსაც პოლიტიკოსების, არასამთავრობოების, აქციის ლიდერების გაერთიანება და ამით ერთგვარი პოლიტიკური ფრონტის შექმნა სურს რეჟიმთან საბრძოლველად. აგერ დღესაც, 31 მარტს, აქციის ორგანიზატორი, პრაქტიკულად, სალომეე ზურაბიშვილია. ეს გაერთიანება ჩაუდგება სათავეში საპროტესტო აქციებს და დაგეგმავს ბრძოლის გზებს, მეთოდიკას, საშუალებებს, ლიდერი კი თავად ზურაბიშვილი იქნება, ამაზე რას იტყვით?
– ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს ამ ტიპის დიალოგებს, მისასალმებელია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი კოორდინაციის საკითხი წამოჭრა, გამოვიდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და რა კოორდინაცია, რას ლაპარაკობთ, ჩვენ ცალკე ვებრძვით რეჟიმსო. ასეთი განცხადებები, ქმედებები ახარვეზებს ჯანსაღ პროცესს. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. პოლიტიკური ლიდერი, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე განაცხადებს კოორდინირებული ქმედებების, რაღაც გაერთიანების შესახებ, მანამდე ეს გაერთიანების იდეა შეთანხმებული უნდა იყოს იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ისინი ამაზე უკვე თანახმანი უნდა იყვნენ და ახლა არ უნდა ირკვეოდეს, ვინ თანახმაა და ვინ არა. პლატფორმა გამზადებული უნდა დაახვედროს. კი, კოორდინაცია აუცილებელია, მაგრამ ჯანმრთელი პროცესი უნდა იყოს და არა კამათი იმაზე, კოორდინაცია კარგია თუ ცუდი. ერთიც არ მომწონს. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ერთმანეთს დააკავშიროს საპროტესტო აქცია და პოლიტიკური პარტიები. კი, მათ გარკვეული გადაკვეთები აქვთ, მაგრამ ორი განსხვავებული თემაა. ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, აქციის მონაწილეებს დაუახლოვდნენ. არადა, აქციის ორგანიზატორ ახალგაზრდებს მათი ლიდერებად მიწვევა რომ სურდეთ, ამას აქამდე გააკეთებენ. პოლიტიკოსებს აქციაზე დგომას არავინ უშლის, მაგრამ მათ ამ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, სხვა საქმე აქვთ გასაკეთებელი. უნდა დადონ კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, როგორი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს, როდის და საით მივმართოთ საპროტესტო მუხტი, სად არის ამ დროს უცხოეთის მხარდაჭერის ადგილი და ა.შ. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები აქციებზე მისვლის, მოვლენების შეფასებით, ექსპერტული დასკვნებისა და რეჟიმის ლანძღვის გარდა სხვას არაფერს აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი რომ ცუდია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ უნდა მოვიცილოთ, ეს უნდა გვითხრან დეტალურად.
