ივანე ჩხაიძე – „ვოსორიტიდით“ დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა, არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდით მოვლენა – ეფექტურობა შეფასდება ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობა აქონდროპლაზიის დიაგონოზის მქონე 4-მა ბავშვმა დაიწყო.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბავშვებს ინექცია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩაუტარდათ.
მისივე თქმით, დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტებთან სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროცესში ეტაპობრივად დანარჩენებიც ჩაერთვებიან.
„ამ პრეპარატის დანიშვნის ერთ-ერთ მთავარი განმასხვავებელი თვისებაა მისი ყოველდღიური გაკეთების აუცილებლობა, მინიმუმ, 1 თვის განმავლობაში. დღეიდან, ბავშვები ყოველ დღე გაიკეთებენ პრეპარატის ინექციას და შესაბამისად, მისი ეფექტურობა შეფასებული იქნება ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ.
დღევანდელმა ინექციამ წარმატებით ჩაიარა. არ დაფიქსირებულა პაციენტებთან სერიოზული გვერდით მოვლენა. ერთადერთ, რისი ალბათობაც არის უფრო მაღალი, ინიექციის ადგილას მკტივნეულობაა, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნემსის გაკეთებისას შეიძლება, აღინიშნოს.
დანარჩენი ბავშვები ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჯერ ვიწყებთ 4 ბავშვით, შემდეგ ეტაპზე მოხდება 4 ბავშვის დამატება და ა.შ.. აქცენტი და ძირითადი არგუმენტი იყო ასაკი. რაც უფრო დიდი ასაკის არის ბავშვი, პრეპარატის გამოყენების შემდეგ სიმაღლეში ზრდის მით უფრო ნაკლები რესურსის აქვს დარჩენილი. ასე, რომ პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან მოზრდილი ასაკის ბავშვები, მეორე ეტაპზე შემდეგი ოთხი, უფრო მცირე ასაკის, რომელიც იქნება და ა.შ.,“ – აღნიშნა ჩხაიძემ.