იერუსალიმის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, იერუსალიმიდან სამხრეთით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა სამმა პირმა. დაიჭრა 6 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციის თანახმად, სამივე თავდამსხმელი ისრაელის არმიის სამხედროებმა მოკლეს. ისრაელი მომხდარს ტერაქტად აფასებს.
თავდასხმის გამო დაიკეტა იერუსალიმიდან ბეთლემისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის სამხრეთში მდებარე დასახლებებისკენ მიმავალი გზა. თავდამხსმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განთავსებულია პალესტინელთა ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ისრაელი ომს აწარმოებს.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
· ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.