იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე – ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან

„კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში დაარსდა და 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი დაასაქმა. ადგილობრივი წარმოება ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის განვითარებაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. როგორც ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდაში“ განმარტავენ, თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცნენ ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.
როგორია ხორპროდუქტებზე მოთხოვნა, რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში მსხვილი საწარმოს განვითარებას და როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო სტრატეგია, – ამის შესახებ დეტალურად „კორიდას“ დირექტორი, რეზო ნარმანია საუბრობს:
საინტერესოა, რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული 2007 წელს კომპანიის დაფუძნება და რა პროცესები განვლო კომპანიამ იმისათვის, რომ ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გამხდარიყო?
როცა ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, სამომხმარებლო ბაზარზე, მზა ხორცპროდუქტების მხრივ, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაფუძნებამდე ბაზარი შესწავლილი გვქონდა, ვიცნობდით მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, წინასწარ მაინც რთული იყო მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.
„კორიდას“ ისტორია 2007 წლიდან იწყება, როცა აღვადგინეთ, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ავაშენეთ, ფოთში არსებული, იმ პერიოდისთვის სრულად განადგურებული თევზის ქარხნის შენობა. წარმოების გამართვის შემდეგ მცირე რაოდენობით მზა ხორცპროდუქტების წარმოება დავიწყეთ. პირველი პროდუქცია, რაც გამოვუშვით ეს იყო ძეხვეულიდან „კრაკოვური“, „საექიმო“, „მოყვარულთა“, „სერველატი“, სოსისებიდან „რძიანი“ და „ივერია“. მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელი იყო რომ მრავალ იდენტურ მზა ხორცპროდუქტებს შორის გვეპოვა ჩვენი ნიშა, მომხმარებელს გასჩენოდა ახალი ბრენდის გასინჯვისა და ყიდვის სურვილი.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ დიდ მასშტაბებზე გასვლა გვქონდა დაგეგმილი, მაინც რთულად წარმოსადგენი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში კომპანია ასე სწრაფად გაიზრდებოდა. მომხმარებელთან თანამოაზრეობა ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა, რადგან ჩვენ გვყავს მასშტაბური რაოდენობის რეგულარული მომხმარებლები. მათი შენარჩუნება, მათი კმაყოფილების გაზრდა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოცანაა.
დღეს, „კორიდა“ საქართველოში, ხორცპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა, სადაც ძირითადად, ადგილობრივები, ს მოსახლეობაა დასაქმებული. ამასთან, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელოსა, გურიაში – დისტრიბუციას მთლიანად ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლებიც ვართ. თუმცა, „კორიდას“ პროდუქცია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ არის პოპულარული. მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.
საწარმოში დანერგილი მაღალი სტანდარტები, მაღალი ხარისხის პროდუქცია, მასშტაბური სადისტრიბუციო ჯაჭვი, პროფესიონალი კადრები, საერთო ჯამში უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას და მდგრადობას.
საინტერესოა, დასავლეთ საქართველოს ბაზრის რა წილს ფლობს „კორიდა“ და როგორ ინარჩუნებს ის წამყვანი საწარმოს ნიშას?
დასავლეთ საქართველოში „კორიდა“ წარმოებითა და გაყიდვებით ხორცპროდუქტების წამყვანი საწარმოა. ერთიანი საქართველოს მასშტაბით, ტოპ სამ მწარმოებელს შორის ვართ.
ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ შესაძლებლობა მოგვცა, წარმოება მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი გვქონდა გასულ წელს, სადაც 10%-იანი მატება დაფიქსირდა. სამომავლო განვითარების სტარატეგიის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 2024წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
ჩვენი პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანია. მისი მყიდველი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან. ძალიან დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. „კორიდა“ სწორედ ესეთი პროდუქტია. ბრენდთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია ნდობა. ფასი ნდობის განმსაზღვრელი არ არის. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, რამდენად თანმიმდევრულია ბრენდი. ამიტომ წლების მანძილზე მოპოვებულ ნდობას არ გავუცრუვებთ ჩვენს მომხმარებლებს. კიდევ უფრო მეტად ვეცდებით მათი ინტერესების გათვალისიწინებას და კმაყოფილების გაზრდას.
როგორია თქვენი ხარისხის კონტროლის მეთოდები როგორც ნედლეულის შერჩევისას, ისე უშუალოდ წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში?
„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა.
წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს ვუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება ნედლეულის შერჩევისა და კონტროლის მექანიზმს, თავდაპირველად ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც თავისი ნედლეულით ამარაგებენ ევროპისა და ამერიკის ბაზარს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ნედლეული სიმცირის გამო, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს საწარმოს მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენი საწარმო იმპორტირებული პროდუქციით მარაგდება. იმპორტიორ ქვეყნებს შორის არის: არგენტინა, ბრაზილია, იტალია და სხვა.
რა სიახლეები ინერგება „კორიდაში“ საწარმოო პროცესებისა და პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, კომპანიამ შეუქცევადი განვითარება უნდა განაგრძოს. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენს. ახლაც, რეკონსტრუქციის ფარგლებში ჩვენი საწარმო ფართოვდება. საწარმოს გაფართოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დასაქმებული კადრების რაოდენობაც გაიზრდება, რაც რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამედროვე მიდგომებს. მაგალითად გარემოზე ზრუნვის კომპონენტს, შესაბამისად, მალე „კორიდას“ საწარმოს ელექტროენერგიით მზის პანელები მოამარაგებს.
იმისათვის, რომ კომპანიაში წარმოების თანამედროვე მიდგომები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ინერგებოდეს, ჩვენი ტექნოლოგები მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაში. ამგვარი ვიზიტების ფარგლებში უკვე შევარჩიეთ რამდენიმე ახალი დანადგარი, რომელიც სულ მალე საქართველოში იქნება და წარმოების განვითარებასა და დახვეწაში დაგვეხმარება.
ზოგადად, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესაბაში ჩართულია კომპანიის ყველა რგოლი თავისი ფუნქცია, მოვალეობის შესაბამისად. ძალიან დიდ როლს ასრულებენ ტექნოლოგები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ ახალი პროდუქციის შექმნასა და განვითარებაზე. შედეგიც სახეზეა, ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ამ ერთი წლის მანძილზე სამომხმარებლო ბაზარს.
საინტერესოა, როგორ ინარჩუნებთ შედარებით დემოკრატიულ ფასს?
– ჩვენი პროდუქტები შედარებით ბიუჯეტურია, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე. აღნიშნული სტანდარტი ჩვენ მკაცრად გვაქვს განსაზღვრული. ამიტომაც არის პროდუქტი კარგი და მოთხოვნადი. შედარებით დაბალი ფასით ბაზრის ათვისება და მომხმარებლის მხარდაჭერის მოპოვება აპრობირებული, გავრცელებული მეთოდია . ბაზარზე არსებული ცვლილებების მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასი არ გავზარდოთ, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს პროდუქტი.
დაბოლოს, როგორია კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმები? ხომ არ აპირებთ პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას?
დიახ, სწორედ ასეა, 2024 წლის შემოდგომიდან ახალი პროდუქტები ჩაეშვება, რომლებიც ასევე გამორჩეული იქნება თავისი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით.